მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე

თუ თქვენ :

  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი

მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი
  • ადვოკატირება და ლობირება
  • მუნიციპალური საჯარო ფინანსები
სწავლა დაიწყება სექტემბრის ბოლოს და დასრულდება დეკემბერში
 
ონლაინ სწავლების შესახებ:

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე შვიდი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში შვიდი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 2 807  მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 1 032 სერთიფიკატი. მონაწილეთა 98% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 97% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

კურსების აღწერა:

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

კურსის ფარგლებში  მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ  პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს,  გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.
კურსის გავლის შემდეგ  მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ.  და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ  საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და  სისტემური ცვლილების მიღწევაზე.  კურსის მსვლელობისას  მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის  ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე
 
საზოგადოებრივი მონაწილეობა
 
საზოგადოებრივი მონაწილეობის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან და მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას, სავარჯიშოებს, ჯგუფურ დავალებებს, ინდივიდუალურ რეფლექსიას, ფორუმზე აქტიურ დისკუსიებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი მონაწილეობის რაობა, არსი, ძირითადი პრინციპები და ცნებები, კარგი მმართველობის ოთხი ძირითადი კონცეფცია: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მონაწილეობა და ინკლუზია, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე (მონაწილეობითი ბიუჯეტირება, სოციალური აუდიტი, მოქალაქეთა პანელი, უკუკავშირის მეთოდები და სხვ.), მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, მონაწილეობის დონეები, კომუნიკაციის ტიპები და მონაწილეობითი პროცესების ფასილიტაციის ხერხები, ეთიკური სტანდარტები და ნორმები მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკაშირებით. მონაწილეებს ექნებათ საშუალება აქტიური დისკუსიითა და ინტერაქციით გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას საზოგადოებრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გააანალიზონ და კრიტიკულად შეაფასონ ადგილობრივი კონტექსტი და უკეთ გააცნობიერონ მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების, ბიუჯეტირების, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში.
კურსი ეფუძნება ინტერაქტიულ და თვითმოტივირებულ სწავლებას.  იგი სთავაზობს  სტუდენტებს გამოცადონ საკუთარი  შესაძლებლობები. ეს საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი და მოემზადონ მომდევნო მოდულისათვის.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და იქცნენ გონივრული და კონსტრუქციული საზოგადოებრივი მონაწილეობის ინიციატორებად.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: ეკატერინე დანელია და ნინო მღვდელაძე

საჯარო პოლიტიკის ანალიზი

კურსი წარმოადგენს პრაქტიკულად ორიენტირებული სემინარების ციკლს, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს ის უშუალო გარემო, რომელშიც საჯარო პოლიტიკის ანალიზი ხორციელდება; აგრეთვე გააცნოს პოლიტიკის ანალიზის თეორია და დაეხმაროს კურსის მონაწილეებს ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სემინარების მსვლელობაში დაწვრილებით განიხილება პოლიტიკის ანალიზის მეთოდის შემადგენელი ნაწილები: პრობლემის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ალტერნატიული პროგრამების შედეგების შეფასება, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, პოლიტიკის ანალიზის პროდუქტის ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას.
კურსის ხელმძღვანელი: ქეთევან მელიქაძე

ადვოკატირება და ლობირება
 
კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში  მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები  საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე

მუნიციპალური საჯარო ფინანსები
 
სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკის და საჯარო ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგადი პრინციპები; საზოგადოებრივი საქონლის, გარეგანი ეფექტების და შემოსავლების გადანაწილების პრინციპები; ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანიზაციის პრინციპები და მუნიციპალიტეტის როლის გაცნობიერება საჯარო მართვის სისტემაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებული უფლებამოსილებებს, საბიუჯეტო სისტემასა და მის პრინციპებს; მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესის, მისი ეტაპების და ჩართული მხარეების ფუნქციებს.

რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  17 სექტემბერი  2018 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი:  https://goo.gl/forms/iFNLaQJqEAVyCjwb2
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი