მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდების დაბეგვრა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ლობირება გაუწია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დივიდენდების დაბეგგვრის საკითხს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

2011 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით განიხილა და მიიღო საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დივიდენდების დაბეგგვრის საკითხი.

აღნიშნული ცვლილების ლობირება განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ხოლო კონსალტინგი საგადასახადო სისტემის და პროცედურების ტექნიკურ საკითხებზე განახორციელა პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG).

საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციისა და კოდექსის პროექტის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდი იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით, მაშინ როცა საქართველოს საწარმოს მიერ მეორე საწარმოდან მიღებული დივიდენდი საერთოდ არ იბეგრება. უფრო მეტიც, ყველა სხვა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ დივიდენდებზე კოდექსით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში დადგენილია 5%, შემდეგ 3%-იანი ხოლო 2014 წლიდან 0%-იანი განაკვეთი, ხოლო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დივიდენდზე განაკვეთი განსაზღვრულია - 15%-ით

საკითხის ასეთი რეგულირება დისკრიმინაციულია ორგანიზაციების მიმართ. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაიწყო საკითხის დარეგულირების გზების მონახვა. CSI მოამზადა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების წინადადებები რომელიც გულისხმობდა საკითხის დარეგულირების ორ სავარაუდო ვარიანტს: პირველი ვარიანტი ითვალისწინებდა ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდები მსგავსად საწარმოებისა არ დაიბეგრილოყო მოგების გადასახადით; მეორე ვარიანტი - ორგანიზაციების მიერ მიღებული დივიდენდების დაბეგვრა განხორციელებულიყო გადასახადის სხვა გადამხდელების (ფიზიკური პირები, უცხოური საწარმოები) დაბეგვრის რეჟიმის მსგავსად (5%, 3%, 0%).

აღნიშნულ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ლობირებდა. შედეგად, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან (PMCG) ტექნიკური ექსპერტიზის გავლით, ფინანსთა სამინისტროს წარედგინა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის ცვლილების წინადადება. ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული შესწორება, საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ სხვა ცვლილებებთან ერთად, ერთიანი კანონპროექტის სახით ჩამოაყალიბა, ხოლო საქართველოს მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადასცა. როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადასცა.

კანონპროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, ორგანიზაციები გაუთანაბრდა გადასახადის სხვა გადამხდელებს (ფიზიკურ პირები, უცხოური საწარმოები) და მათ მიერ მიღებული დივიდენდების დაბეგვრაც იგივე რეჟიმში მოექცა - "რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე - 3-პროცენტიანი განაკვეთით".

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტის თანახმად, 2014 წლიდან "რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით". არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ დაექვემდებარება".