ვაჟა სალამაძე

ვაჟა სალამაძე

გამგეობის წევრი

ვაჟა სალამაძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დამფუძნებელია. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება, აქედან 25 წელი დაუთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებასა და მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას; აქვს საჯარო პოლიტიკის ანალიზის, სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ფორმირების, ასევე – საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და მათი ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ლობირების გამოცდილება; ის, ასევე, ასწავლის პოლიტიკის ანალიზს საქართველოსს ხვადასხვა უნივერსიტეტში.

ვაჟა სალამაძეს აქვს საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. 2010-2012 წლებში იყო “განვითარების სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ღია ფორუმის” თანათავმჯდომარე; მოგვიანებით – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობა ეფექტური განვითარებისათვის” გლობალური საბჭოს წევრი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე, ვაჟა სალამაძე საქართველოს მთავრობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდა. მას აქვს მისურის უნივერსიტეტის (სენტლუისი, აშშ) საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ასევე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის დიპლომი და თბილისის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის დიპლომი.

ლია მირცხულავა

ლია მირცხულავა

გამგეობის თავმჯდომარე

ლია მირცხულავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა 2023 წლიდან, ხოლო წევრი 2017–დან. მას აქვს ტელევიზიასა და თეატრში მუშაობის ხანგრძლივი სარეჟისორო გამოცდილება.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, იგი იყო მრავალი სპექტაკლის რეჟისორი თელავის, გორის, ფოთის, ცხინვალის, თბილისის ახმეტელის სახელობის თეატრებში, ამ სპექტაკლების ნაწილი რადიოს ოქროს ფონდში ინახება.

მისი მონაწილეობით, სატელევიზიო სივრცეში შექმნილია ისეთი გადაცემები, როგორიცაა: “საქართველოს კონსტიტუცია”, “მეოცე საუკუნის ოქროს ფონდი”, “აქცენტები”, “ნოტაბენე”, “ფერმა”; იყო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სატელევიზიო პროექტების ეკო-დაიჯესტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადაცემათა ციკლის რეჟისორი.

ამჟამად, ლია მირცხულავა საქართველოს 1 არხის გადაცემა „დოსიეს” რეჟისორია.

ოსიკო (ოჩი) კონცელიძე

ოსიკო (ოჩი) კონცელიძე

გამგეობის წევრი

ოსიკო (ოჩი) კონცელიძე 2023 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის წევრია. მან 2018 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და იმავე წელს გახდა თსუ-ს სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

მას სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  2015 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის –  „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი პროექტის მენეჯერი და მკვლევრია. ამავდროულად არის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” – შეფასების და მონიტორინგის კონსულტანტი.

ოსიკოს, პროფესიული კარიერის მანძილზე, ათეულობით კვლევით პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთი კვლევის თანაავტორია. კვლევითი პროექტების თემატიკა მრავალფეროვანია: სოციალური დაცვა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი სოციალური ჯგუფების საჭიროებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ეთნიკურობა და სხვა.

2019 წლიდან, იგი აქტიურად თანამშრომლობს მედია პლატფორმა „ბათუმელებთან“  და არის ვიდეო–ბლოგის „თავისუფალი თემა ოჩისთან“ – წამყვანი, სადაც  პერიოდულად ქვეყნდება  ინტერვიუები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

ნიკოლოზ დევიძე

ნიკოლოზ დევიძე

გამგეობის წევრი

ნიკოლოზ დევიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1996–2003 წლებში იყო ინსტიტუტის გამგეობის წევრი, 2017 წლიდან დღემდე – კვლავ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის წევრია.

საზოგადოებრივ სფეროში საქმიანობის პარალელურად, ნიკოლოზ დევიძეს აქვს ბიზნეს სექტორში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ,იყო თბილგაზის ინჟინერი, მოგვიანებით – სამეურნეო სამსახურის უფროსი.

ამჟამად ნიკოლოზ დევიძე მუშაობს შეფასების ექსპერტად შპს „აუდიტ–ცენტრში“.

ნინო ჩხაიძე

ნინო ჩხაიძე

გამგეობის წევრი

ნინო ჩხაიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის წევრია 2023 წლიდან. იგი კულტურის მენეჯმენტის მაგისტრია. აქვს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშობის მრავალწლიანი გამოცდილება – სამოქალაქო აქტივიზმის, შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ხელოვნების გზით ჯანსაღი ინკლუზიური გარემოს შექმნის მიმართულებით.

2017 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სოციალურ საწარმოს „თავისუფალ სივრცეს“, რომლის თანადამფუძნებელიცაა. სოციალური მეწარმეობის გზით ხელს უწყობს შშმ პირთა არაფორმალურ განათლებას და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ საწარმოში, დაფუძნებიდან დღემდე, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული. აღნიშნული საწარმოს ფარგლებში, „ჟესტური ენის ალტერნატიულ სკოლას“ უწევს მენეჯმენტს, სადაც სმენისარმქონე ადამიანებთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, მიმდინარეობს ჟესტური ენის შესწავლა.

ნინო არაერთი პროექტისა და ფესტივალის ავტორი\თანაავტორია, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი“ – იგი პირველი, სრულად ადაპტირებული და ინკლუზიური ფესტივალია ქართულ თეატრალურ სივრცეში.

ასევე, ნინო ჩხაიძე არის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან არსებული OGP-ის საბჭოს წევრი. ტრენერი – სამოქალაქო აქტივიზმის, სოციალური მეწარმეობისა და შშმ პირთა საკითხების მიმართულებით.