ტრენინგები

ონლაინ სწავლების პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) განვითარების სექტორის აქტორებისთვის ტრენინგებს ატარებს. ასეთია, მაგალითად, ტრენინგი შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტების მართვის, საზოგადოებრივი მონაწილეობის, სოციალური მეწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული და ფინანსური მართვის საკითხების შესახებ.

შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტების მართვის ტრენინგის მონაწილეები იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა პროცესები, ინსტრუმენტები და სტანდარტებია გავრცელებული პროექტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით; აანალიზებენ კავშირს პროექტის დაგეგმვასა და მონიტორინგისა და შეფასების სისტემას შორის; ეცნობიან პროექტის ციკლს და მის თითოეულ ფაზას.

საზოგადოებრივი მონაწილეობის ტრენინგი განკუთვნილია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მიდგომების დანერგვით დაინტერესებული ადამიანებისთვის; მსმენელები ეცნობიან საზოგადოებრივი მონაწილეობის ისტორიას, მის ძირითად არსსა და ტერმინებს, ასევე – ეფექტური მმართველობის კონცეფციებსა და საჯარო ინტერესსა და სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებულ ცნებებსა და თეორიებს.

სოციალური მეწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული და ფინანსური მართვის ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ სოციალური მეწარმეობის არსსა და თავისებურებებს; არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტებს; კერძო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლის წყაროების სამართლებრივი რეგულირების, მოხალისეობის რეგულირების წესებს; ფინანსური ანგარიშების მომზადების სტანდარტებსა და სხვა.