ა(ა)იპ-ის და მისი ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

ა(ა)იპ-ები და მისი ფილიალები ვალდებული არიან 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, კერძოდ:

  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტები, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები და მათი ფილიალები ვალდებული არიან სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან.
  • ახალი კანონის მიხედვით, ყველა ა(ა)იპ და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალი ვალდებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე შექმნას ელექტრონული მისამართი. გარდა ამისა, მოცემული სუბიექტები, ასევე ვალდებული არიან მათი სხვა სარეგისტრაციო მონაცემებიც შესაბამისობაში მოიყვანოს ახალი კანონის მოთხოვნებთან.
  • სუბიექტები ვალდებული არიან 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტს დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა. თუ სუბიექტი ამ ვადაში სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს შესაბამისობაში კანონის ახალ მოთხოვნებთან მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.


სამართლებრივო კონსულტაცია სსო–ებისთვის

1. რას გულისხმობს სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა?
2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ახლებურად მოწესრიგდა სუბიექტების მოწყობის, დაფუძნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს როგორც სუბიექტების სადამფუძნებლო დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეს, ისე სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ფორმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სუბიექტებს ევალებათ სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

2. რომელ სუბიექტებს ეხება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა?
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შექმნილ სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ასევე ევალება იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფილიალებს, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს 2022 წლის 1 იანვრამდე. ამ თარიღიდან რეგისტრირებული სუბიექტების რეგისტრაცია ისედაც მოხდა ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებით, აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ სუბიექტებს შესაბამისობის პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ.

3. რა ვადაში უნდა მოიყვანონ სუბიექტებმა სარეგისტრაციო მონაცემები კანონის მოთხოვნებთან?
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოცემულთან დაკავშირებით ინფორმირების გზით, დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუ სუბიექტი ამ ვადაშიც სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

4. რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?
სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ცვლილებები ასევე შეეხო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირების ფილიალებს. შესაბამისად, მათ მოუწვეს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სულ ცოტა ელექტრონული მისამართის შექმნის სახით, კერძოდ:

  • ელექტრონული მისამართის შექმნა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განისაზღვრა ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე. ელექტრონული პორტალი შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან – ელექტრონული მისამართისგან. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა სუბიექტი, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, ვალდებულია მიმართოს რეესტრს პორტალზე რეგისტრაციისა ელექტრონული მისამართის აქტივაციისთვის და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მოუწევთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონის ახალ მოთხოვნებთან შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და ფაქტობრივი მონაცემების რეესტრის მონაცემებში ასახვა იმ ნაწილში რაც მათ ეხებათ. ეს ცვლილებები გულისხმობს სახელწოდების ახალ სტანდარტებს, იურიდიულ მისამართის განსაზღვრებას და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების ვადას, კერძოდ:

  • სახელწოდება – ა(ა)იპ-ის და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალის სახელწოდების განსაზღვრისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად, დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები (მაგალითად: დაუშვებელია სახელწოდებაში გამოყენებული იქნეს ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას. დეტალურად იხილეთ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი). შესაბამისად, თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის სახელწოდება არ აკმაყოფილებს კანონის ახალ მოთხოვნებს, სუბიექტი ვალდებულია იგი შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ მოთხოვნებთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები;
  • ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ვადა – ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები). ხოლო ახალი წესის თანახმად, ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. შესაბამისად, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ამაზე მეტ ვადას, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში იქნება მოსაყვანი კანონის ახალ მოთხოვნებთან;
  • იურიდიული მისამართი – ა(ა)იპ-ის რეგისტრაციისას გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლის მიხედვითაც სუბიექტის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება. შესაბამისად, ვინაიდან ახალი კანონით დადგინდა, რომ სუბიექტის იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია საქართველოს ტერიტორიაზე, სუბიექტის იურიდიული მისამართი უნდა განისაზღვროს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ან უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდეს, რომ სუბიექტის უკვე რეგისტრირებული იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია.

5. როგორ ხდება პორტალზე ელექტრონული მისამართის შექმნა და რა არის ამისთვის წარსადგენი?
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის – ელექტრონული მისამართის შექმნა და აქტივაცია შეიძლება განხორციელდება როგორც რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ისე დამოუკიდებლად ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება სუბიექტის უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია სადამფუძნებლო შეთანხმებით.

ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება.

თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება ამ ცვლილებების რეგისტრაციის თანადროულად. შესაბამისად წარსადგენი იქნება შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო დოკუმენტები (უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება/ოქმი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ცვლილებების განხორციელებაზე, სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი). ხოლო, თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება დამოუკიდებლად, წარსადგენი იქნება ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის განცხადება ელექტრონული მისამართის შექმნის შესახებ.

6. რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო, თუ სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა ეხება მხოლოდ ელექტრონული მისამართის შექმნას?
თუ სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა გულისხმობს მხოლოდ ელექტრონული მისამართის შექმნას და სუბიექტს ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი მხოლოდ ერთი პირი, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:

  • უფლებამოსილი პირის განცხადება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ელექტრონული მისამართის შექმნის მოთხოვნით (სუბიექტის სურვილის შემთხვევაში, თუ რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიძლება მიეთითოს სარეგისტრაციო გაცხადებაში ნაცვლად სადამფუძნებლო შეთანხმებისა);
  • სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს/პირის სათანადო წესით შედგენილი, მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ;
  • სუბიექტის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი მატერიალური და ელექტრონული ფორმით (თუ სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული იგი ხელმოწერილი შეიძლება იყოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ).

თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი და სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით არ არის განსაზღვრული, თუ მათგან რომელია ელექტრონულ მისამართზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, რეესტრს დამატებით წარედგინება უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ერთზე მეტი ხელმძღვანელი პირიდან რომელი იქნება ელექტრონულ მისამართზე უფლებამოსილი (გადაწყვეტილებას ხელს უნდა აწერდეს სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით განსაზღვრული პირი/პირები).

7. რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო, თუ ერთდროულად ხდება სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივი შესაბამისობა და ელექტრონული მისამართის შექმნა?

თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოიცავს როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტების შინაარსობრივ ცვლილებას, ისე ელექტრონული მისამართის შექმნას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:

  • უფლებამოსილი პირის განცხადება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მოთხოვნით (სუბიექტის სურვილის შემთხვევაში, თუ რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონული მისამართის შექმნის მიზნით, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიძლება მიეთითოს სარეგისტრაციო გაცხადებაში ნაცვლად სადამფუძნებლო შეთანხმებისა);
  • სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს/პირის სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება (მაგალითად: წევრთა კრების ოქმი, გამგეობის ოქმი და სხვა) სადამფუძნებლო შეთანხმებაში/წესდებაში ცვლილებების შეტანის და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ (შედგენილი უნდა იქნეს რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და ხელმოწერილი უნდა იქნეს რეგისტრირებული წესდებით განსაზღვრული პირების მიერ);
  • სუბიექტის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი მატერიალური და ელექტრონული ფორმით, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემებს (თუ სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული იგი ხელმოწერილი შეიძლება იყოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ);
  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მათ შორის მოიცავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ვადის ცვლილებას და აქედან გამომდინარე ამ პირის ხელახლა არჩევას/დანიშვნას, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე. ამასთან, ამ პირის თანხმობის დოკუმენტის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ მისი ეს ნება უკვე გამოხატულია სარეგისტრაციოდ წარდგენილ სხვა დოკუმენტებში (მაგ: ოქმი, სადამფუძნებლო შეთანხმება და სხვა).

თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მათ შორის მოიცავს იურიდიული მისამართის შეცვლას, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი და დამოწმებული თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი.

8. რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს ა(ა)იპ-ის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ვერსია?
ა(ა)იპ-ის რეგისტრაციისთვის აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს სადამფუძნებლო შეთანხმება/პარტნიორთა შეთანხმება/წესდება. თუ რა სავალდებულო მონაცემებს უნდა შეიცავდეს სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. გარდა ამისა, წესდებით, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს დამატებით სხვა მონაცემებიც. სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მოიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას და ცვლილებების რეგისტრაციას, შესაბამისად, განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარდა, მარეგისტრირებელ ორგანოს ასევე უნდა წარედგინოს სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტის სახით, რომელშიც ასახულია ყველა განხორციელებული ცვლილება.

ა(ა)იპ-ის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების სავალდებულო მონაცემები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ მონაცემებს:

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის იურიდიული მისამართი;
  • ყოველი დამფუძნებლის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი);
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და უფლებამოსილების ვადა;
  • ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები (ხელმძღვანელი ორგანოს წევრები ერთობლივად (ერთად) წარმოადგენენ იურიდიულ პირს, თუ ერთპიროვნულად (ცალ-ცალკე));
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს მოწვევის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღება-გაფორმების წესები;
  • ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რაოდენობა, მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესი;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
  • რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონულ მისამართის) მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი საიდენტიფიკაციო მონაცემები;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონულ მისამართის) მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი (სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში).

სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების სარეკომენდაციო ხასიათის ნიმუშები ხელმისაწვდომია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე – https://napr.gov.ge/required-info

9. სად შეიძლება სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის დოკუმენტების დამოწმება და წარდგენა?

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების დამოწმება შეიძლება მოხდეს სანოტარო წესით ან უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, დოკუმენტების ზემოთ მოცემული წესით დამოწმება არ არის საჭირო, თუ დოკუმენტები წარდგენილია ელექტრონული სახით (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის my.gov.ge-ს მეშვეობით) და მათზე ხელმოწერა შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით („ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებში, სხვა ავტორიზებულ პირებთან (ნოტარიუსები და სხვა) პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით).

10. რამდენს შეადგენს ცვლილებების რეგისტრაციის საფასური?
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გულისხმობს რეგისტრირებული მონაცემებში ცვლილების შეტანას. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურიც ცვლილებების რეგისტრაციის საფასურის ანალოგიურია. კერძოდ, საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს, თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პროცედურა ხორციელდება განცხადების შეტანის დღეს (დაჩქარებული მომსახურება), საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 400 ლარს. გარდა ამისა, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეესტრში ხდება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი.