ოსიკო (ოჩი) კონცელიძე 2023 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის წევრია. მან 2018 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და იმავე წელს გახდა თსუ-ს სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
მას სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის – „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ – პროექტის მენეჯერი და მკვლევრია. ამავდროულად არის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” – შეფასების და მონიტორინგის კონსულტანტი.
ოსიკოს, პროფესიული კარიერის მანძილზე, ათეულობით კვლევით პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთი კვლევის თანაავტორია. კვლევითი პროექტების თემატიკა მრავალფეროვანია: სოციალური დაცვა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი სოციალური ჯგუფების საჭიროებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ეთნიკურობა და სხვა.
2019 წლიდან, იგი აქტიურად თანამშრომლობს მედია პლატფორმა „ბათუმელებთან“ და არის ვიდეო–ბლოგის „თავისუფალი თემა ოჩისთან“ – წამყვანი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ინტერვიუები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.