ცხადდება ტენდერი ონლაინ ახალი კურსის შექმნაზე

09.10.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის, სამოქალაქო მონიტორინგის შექმნასა და გაძღოლაზე.

ონლაინ პლატფორმის შესახებ:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა – www.e-learning.ge და აქტიურად უძღვება დისტანციურ სწავლებას საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის 20 ონლაინ კურსი განსხვავებული აუდიტორიისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის. კურსები აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე: მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge საშუალებით. სწავლების პროცესი დისტანციურია და თითოეული კურის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს. კურსები არის უფასო და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

შესყიდვის საგანი:
ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი „სამოქალაქო მონიტორინგი“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და საიტზე ატვირთვას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის ერთი ნაკადის წარმართვა, რაც გულისხმობს დისტანციურ რეჟიმში მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათ შეფასებას და მენტორობას.

ონლაინ კურსის მიზანი:
ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოქალაქეთა მონაწილეობის თვითორგანიზების ფორმების სტიმულირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მათ უშუალო მონაწილეობას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა და დაინტერესება ადგილობრივი პრობლემების მოგვარების და თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, პირდაპირ გავლენას ახდენს და ხელს უწყობს უფრო ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

სამოქალაქო მონიტორინგი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოდგენს საზოგადოებისთვის, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

კურსის მიზანია სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით ადგილობრივი აქტორების გაძლიერება. მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების სწავლება, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი, რაც შესაძლოა, მოიცავდეს ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგს, ასევე ადგილობრივი სტრატეგიული ან სხვა დოკუმენტების შემუშავება-განხორციელების, საბიუჯეტო ციკლის და სერვისების შემუშავების, ასევე ადგილობრივ დონეზე განხორციელებული სხვადასხვა პროგრამის მონიტორინგს. კურსის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა საზოგადოებრივი/ სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებები; უნდა ჰქონდეთ თეორიული ცოდნა რა არის მონიტორინგი, როგორ დაგეგმონ და წარმართონ მონიტორინგის პროცესი, ასევე იცოდნენ რა ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ კურსის საშუალებით მონაწილეებმა შეძლონ მონიტორინგისთვის საჭირო უნარების ათვისება და მონიტორინგის ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა.

სამუშაო დავალება, კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა ფიზიკურმა პირმა, საინიციატივო ჯგუფმა ან იურიდიულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით:

  1. უნდა შეიმუშაოს კურსის კონცეფცია, სილაბუსი, სასწავლო მასალა და დავალებები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ლექციების ჩაწერაში;
  2. წარმართოს სასწავლო პროცესი;
  3. სწავლების პროცესში მენტორობა გაუწიოს კურსის მონაწილეებს;
  4. სწავლების პროცესში შეაფასოს მონაწილეები.

კურსის კონცეფციის შემუშავების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები

  • კურსის თემატიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს თვითმმართველობის საქმიანობის თავისებურებები და უფლებამოსილებების მიმართულება;
  • სამოქალაქო მონიტორინგის მნიშვნელობა;
  • მონიტორინგის ინსტრუმენტები და ტექნიკები;
  • წარმატებული საზოგადოებრივი მონიტორინგის ინიციატივები;
  • ადგილობრივ დონეზე განხორციელებული სხვადასხვა პროგრამის (მათ შორის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის) სამოქალაქო მონიტორინგის მეთოდები;
  • ლექციებში განხილული უნდა იყოს კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები მონიტორინგის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები;
  • კურსი უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებას/დავალებებს, რომელიც დაეხმარება კურსის მონაწილეებს მონიტორინგისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.

კურსის ტექნიკური მახასიათებლები და მისი წარმართვის მეთოდოლოგია
მოცემული მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები/გარემოებები:

  • შესაძლოა კურსს ჰყავდეს რამდენიმე, მათ შორის მოწვეული სპიკერი, რომელიც კონკრეტულ თემაზე ან საკითხზე ისაუბრებს;
  • ვიდეო ლექციების რაოდენობა დამოკიდებულია კონცეფციის შინაარსზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლექციას;
  • ვიდეო ლექციების ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 20 – 25 წუთი;
  • საკითხავი მასალა უნდა იყოს ქართულ ენაზე. მხოლოდ დამატებითი მასალა შესაძლოა იყოს უცხოურენოვანი;

საბოლოო პროდუქტები

  1. კურსის სილაბუსი;
  2. ვიდეო ლექციები;
  3. საკითხავი მასალა;
  4. ქვიზები, დავალებები, პრე-პოსტ ტესტები;
  5. კურსის გაძღოლა/შეფასება (ერთ ნაკადი).

დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება გულისხმობს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
პროდუქტი:

  1. კურსის დეტალური სილაბუსი – 20 ნოემბერი, 2023;
  2. ვიდეო ლექციების სკრიპტების მომზადება ლექციების ჩაწერა – 10 დეკემბერი, 2023;
  3. სასწავლო მასალის, საკითხავი მასალის, ქვიზების, დავალებების მომზადება – 20 დეკემბერი, 2023;
  4. სასწავლო პროცესი – იანვარი (2024).

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირებმა, საინიციატივო ჯგუფებმა ან იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს სპიკერის ან სპიკერების რეზიუმეებს.
  • კურსის კონცეფცია, იხილეთ დანართი 1
  • ბიუჯეტი ორი კომპონენტის გათვალისწინებით: კურსის შექმნა (სილაბუსის და სასწავლო მასალის მომზადება, ლექციების ჩაწერაში მონაწილეობის მიღება) და სასწავლო პროცესის გაძღოლა (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს გარეშე)

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 5 ნოემბერი 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: t.imnadze@civilin.org

ტენდერში მონაწილეთა განაცხადებები შეაფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • გამოცდილება – 30 ქულა;
  • კურსის კონცეფცია – 40 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 30 ქულა.

ლექციების კითხვის და კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა ჩაიწეროს საპილოტე ვიდეო ლექცია.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ: საკონტაქტო პირი, თათა ბოჭორიშვილი 598 74 35 12 tamar@civilin.org

პროექტის შესახებ
ტენდერი ცხადდება პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების“ – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

პროექტის ძირითადი ამოცანები:

  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება.
  • მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.

USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა