ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან. პროექტის ამოცანებია:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi
ინფორმაცია ონლაინ სწავლების შესახებ – www.e-learning.ge:
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
შესაბამისად, თუ თქვენ ხართ:
საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, მედიის წარმომადგენელი ან სამოქალაქო აქტივისტი
გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და სამოქალაქო აქტივიზმი, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი მაშინ, საშუალება გეძლევათ: სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
- ადვოკატირება და ლობირება;შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის
- საზოგადოებრივი მონაწილეობა.
- ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლა დაიწყება ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება იანვარში. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/ZCusBSeS2efxxyqP9
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი 2019 წელიდამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსების აღწერა:
ადვოკატირება და ლობირება
კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე
შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ. და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და სისტემური ცვლილების მიღწევაზე. კურსის მსვლელობისას მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიით. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ: ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან, ასევე განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: კახა მაღრაძე GEPRA
ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის
კურსის მიზანია ახალგაზრდებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები. შეძლონ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება და გადამოწმება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მათ შეამჩნიონ პრობლემები და ახალი ამბები. ჰქონდეთ ის უნარები, რაც მათ დაიცავს არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლები.
კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ
საზოგადოებრივი მონაწილეობა
საზოგადოებრივი მონაწილეობის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან და მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას, სავარჯიშოებს, ჯგუფურ დავალებებს, ინდივიდუალურ რეფლექსიას, ფორუმზე აქტიურ დისკუსიებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი მონაწილეობის რაობა, არსი, ძირითადი პრინციპები და ცნებები, კარგი მმართველობის ოთხი ძირითადი კონცეფცია: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მონაწილეობა და ინკლუზია, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე (მონაწილეობითი ბიუჯეტირება, სოციალური აუდიტი, მოქალაქეთა პანელი, უკუკავშირის მეთოდები და სხვ.), მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, მონაწილეობის დონეები, კომუნიკაციის ტიპები და მონაწილეობითი პროცესების ფასილიტაციის ხერხები, ეთიკური სტანდარტები და ნორმები მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკაშირებით. მონაწილეებს ექნებათ საშუალება აქტიური დისკუსიითა და ინტერაქციით გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას საზოგადოებრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გააანალიზონ და კრიტიკულად შეაფასონ ადგილობრივი კონტექსტი და უკეთ გააცნობიერონ მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების, ბიუჯეტირების, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში.კურსი ეფუძნება ინტერაქტიულ და თვითმოტივირებულ სწავლებას. იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი და მოემზადონ მომდევნო მოდულისათვის.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და იქცნენ გონივრული და კონსტრუქციული საზოგადოებრივი მონაწილეობის ინიციატორებად.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: ეკატერინე დანელია და ნინო მღვდელაძე