დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

24.03.2020

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება პრიორიტეტული არის მთელ მსოფლიოში და მათ შორის  საქართველოში,  ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი შესაძლებლობას  გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები. სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.

განაცხადები მიიღება შემდეგ სასწავლო კურსებზე:

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
  • სოციალური კვლევის მეთოდები.

ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: პროექტის მართვის თანამედროვე ტენდენციები, სისტემური ცვლილების განხორციელება; საზოგადოებრივი კომუნიკაციის არსი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; სოციალური კვლევის ტიპები და მეთოდები, კვლევის დიზაინის დაგეგმვა და განხორციელება. ჩვენი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შესაბამისად კურსები არის ინფორმატიული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული.

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/rcVjcRNgT2qNaeUy9

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2020 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

კურსების აღწერა:

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ. და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და სისტემური ცვლილების მიღწევაზე. კურსის მსვლელობისას მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიით. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ: ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან, ასევე განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: კახა მაღრაძე GEPRA

სოციალური კვლევის მეთოდები
კურსი მიზნად ისახავს, მსმენელებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სოციალური კვლევის, კვლევის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, მეთოდიკის, ტექნიკის შესახებ. მსმენელებს საშუალება ეძლევათ, დაეუფლონ სოციალური ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც რელევანტურია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევებისათვის. კურსს აქვს პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება: ის მოამზადებს მსმენელებს იმისათვის, რომ შეძლონ სოციალური კვლევების ჩატარება სუპერვაიზორთა მეთვალყურეობის ქვეშ.
კურსის ხელმძღვანელი: იაგო კაჭკაჭიშვილი

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ – https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi