სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“, პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, იწვევს ახალგაზრდებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისებისა და ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
I ეტაპი: კონკურსის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდებისათვის ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგ-სემინარი სამოქალაქო მონიტორინგის საკითხებზე.
II ეტაპი: ტრენინგ-სემინარების შემდგომ, მონაწილეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა შემოიტანონ განაცხადი და ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკაში განახორციელონ სამოქალაქო მონიტორინგის პროცესი.
საუკეთესო განაცხადების მქონე საინიციატივო ჯგუფები დაჯილდოვდებიან 1000 ლარის ოდენობის საპრიზო თანხით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემას და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას.
2018 წელს, ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში (გორი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ხელვაჩაური ბათუმი) ჩაატარა კვლევა, რომელიც მიმართული იყო ახალგაზრდული საჭიროებების გამოვლენაზე და მათ როლზე სამოქალაქო პროცესების მიმდინარეობაში. როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, ახალგაზრდები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში და ამისათვის საჭიროებენ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსის მიზნები:
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებით. ტრენინგ-სემინარების შედეგად გაუმჯობესდება მონაწილეების ინფორმირებულობა და უნარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და საბიუჯეტო გადაწყვტილებების მიღების მექანიზმები; საბიუჯეტო სისტემა, საბიუჯეტო პროცესი და ბიუჯეტის ძირითადი პრინციპები; სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების მონიტორინგის ეტაპზე; ტრენინგ-სემინარი მოიცავს, როგორც თეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და კონკრეტული მაგალითების განხილვას, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებს გახდნენ უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა თანდართული განაცხადის შევსებული ფორმა, არაუგვიანეს 25 მაისის 18:00-სა უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: yscozurgeti@gmail.com, (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ კონკურსი – გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქე);
- შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ტრენინგ-სემინარს;
- კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ჯგუფურ განაცხადებს სამოქალაქო მონიტორინგის პროცესის სამოქმედო გეგმის შესახებ;
- საუკეთესო განაცხადების მქონე საინიციატივო ჯგუფები, სამოქალაქო მონიტორინგის განსახორციელებლად დაჯილდოვდებიან 1000 ლარით.
შერჩევა
ტრენინგ-სემინარების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადის საფუძველზე, ტრენინგში მონაწილეობის მოტივაციისა და საჭიროების დასაბუთების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი “პროგრესის სახლი მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან.
ტრენინგ-სემინარები გაიმართება ოზურგეთსა და ჩოხატაურში
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: მინდია სალუქვაძე,
ტელ. 551 541564
ოფისის მისამართი: ოზურგეთი, 26 მაისის 11ა;