კონკურსი: “სამოქალაქო აქტივიზმის” ონლაინ კურსის შექმნა და გაძღოლა

16.07.2021

შესავალი

1995 წელს დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ-ერთი წამყვანი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, რომელიც ცნობილია საქმიანობის ფართო სპექტრით. CSI ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციას დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციის გზით, სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა სოციალური აქტორების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უკეთესი სამართლებრივი გარემოს შექმნით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ტენდერს ონლაინ სასწავლო კურსის, სამოქალაქო აქტივიზმის შექმნასა და გაძღოლაზე, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ასევე აქტივიზმით დაინტერესებული ადამიანების ცნობიერების ამაღლება, მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება აქტივიზმის ინსტრუმენტების შესახებ, რათა ისინი გახდნენ აქტიური მოქალაქეები და შეძლონ პოზიტიური ცვლილებების განხორციელება.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს

  • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ონლაინ კურსის მიზანი

სამოქალაქო აქტივიზმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული პროცესების, კარგი მმართველობის დანერგვისა და სოციალური საკითხების გადაჭრის კუთხით. აქტიური მოქალაქეები ხშირად არიან დადებითი ცვლილებების ინიციატორები და სხვადასხვა აქტივობებით წვლილი შეაქვთ სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. მოცემულს პოზიტიური გავლენა აქვს როგორც კონკრეტულ შემთხვევებში, ისე მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

კურსის შექმნის მიზანი არის სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელშეწყობა, აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე აქტივიზმით დაინტერესებული პირებისთვის პრაქტიკული უნარების სწავლება. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ (წარმოშობა და ისტორია, მისი როლი საზოგადოების განვითარებისთვის, აქტივიზმის ფორმები და ა.შ.), ასევე გაეცნონ პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შემთხვევებს, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ ცვლილების ინიციატორები.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო ღირებულებები და პასუხისმგებლობები, ჰქონდეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, რათა შეძლონ თავად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება თემის/საზოგადოების პრობლემის მოგვარებაზე.

კურსი წარიმართება ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებით, დისტანციური სწავლების ფორმით.
ონლაინ პლატფორმის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს დაიწყო დისტანციური სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ დროისთვის, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი აქვს 18 ონლაინ კურსი. ონლაინ კურსები არის მთლიანად დისტანციური და მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურასა და პრაქტიკულ ქეისებს. სწავლება ხორციელდება პლატფორმაზე www.e-learning.ge. სწავლების პროცესი არის მთლიანად დისტანციური და თითოეული კურსის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს.

შესყიდვის საგანი

ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი „სამოქალაქო აქტივიზმი“, რაც მოიცავს სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები) მომზადებას. ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს კურსის კონცეფციის წარმოდგენა და შემდგარი კურსის გაძღოლა. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს და საიტზე www.e-learning.ge ატვირთვას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

სამუშაო დავალება, კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა ფიზიკურმა პირმა, საინიციატივო ჯგუფმა ან იურიდიულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით, უნდა:

შეიმუშაოს კურსის კონცეფცია, სილაბუსი, სასწავლო მასალა და დავალებები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ლექციების ჩაწერაში;

  • წარმართოს სასწავლო პროცესი;
  • სწავლების პროცესში მენტორინგი გაუწიოს კურსის მონაწილეებს.
  • კურსის ტექნიკური მახასიათებლები და მისი წარმართვის მეთოდოლოგია

მოცემული მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:

ვიდეო ლექციების ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 30-45 წუთი;
ვიდეო ლექციების რაოდენობა დამოკიდებულია კონცეფციის შინაარსზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 12 ლექციას;
შესაძლოა კურსს ჰყავდეს რამდენიმე სპიკერი, ან მოწვეული სპიკერი, რომელიც კონკრეტულ თემაზე ან საკითხზე ისაუბრებს;
სასურველია თემატიკაში გათვალისწინებული იყოს კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევების განხილვა და ანალიზი;
საკითხავი მასალა უნდა იყოს ქართულ ენაზე. მხოლოდ დამატებითი მასალა შესაძლოა იყოს უცხოურენოვანი;
კურსი უნდა მოიცავდეს პრაქტიკული დავალება/დავალებებს, რომლებიც დაეხმარება კურსის მონაწილეებს კრიტიკული ანალიზისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში. კურსი არ ითვალისწინებს მონაწილეების შეფასების სისტემას, კურსის მიზანი არის მათი მოტივაციისა და კომპეტენციის გაზრდა სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით.

საბოლოო პროდუქტები

  • კურსის კონცეფციისა და სილაბუსის შექმნა
  • ვიდეო ლექციების ჩაწერა
  • საკითხავი მასალისა და დავალებების შემუშავება
  • კურსის გაძღოლა/წარმართვა/დასრულება.
  • დავალების ხანგრძლივობა

მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:

  • კურსის სილაბუსი, საკითხავი მასალა ივლისი – აგვისტო, 2021
  • ვიდეო ლექციების ჩაწერა აგვისტო, 2021
  • სასწავლოს პროცესის გაძღოლა ოქტომბერი-ნოემბერი, 2021

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირებმა, საინიციატივო ჯგუფებმა ან იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს სპიკერის ან სპიკერების რეზიუმეებს.
  • კურსის კონცეფციას
  • ბიუჯეტი ორი კომპონენტის გათვალისწინებით: კურსის შექმნა და სასწავლო პროცესის გაძღოლა (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს გარეშე)

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2021 წლის 30 ივლისს 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: a.jikia@civilin.org

ტენდერში მონაწილეთა განაცხადებები შეაფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • გამოცდილება – 30 ქულა;
  • კურსის კონცეფცია – 40 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 30 ქულა.

ლექციების კითხვის და კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შერჩეულ პირებთან შესაძლოა ჩაიწეროს საპილოტე ვიდეო ლექცია.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ: საკონტაქტო პირი, თათა ბოჭორიშვილი 598 74 35 12 tamar@civilin.org