სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ონლაინ სასწავლო კურსზე – „საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების) ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები“.
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური მართვის საკითხებზე. კურსი ორიენტირებულია მსმენელების კომპეტენციის და უნარების განვითარებაზე. ლექციებში განხილულია ფინანსური პრობლემატიკის მაგალითები და ქეისები, ასევე მათი გადაჭრის ალტერნატივები და პრაქტიკაში დანერგვის მეთოდები.
კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამწყები და გამოცდილი ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისათვის, აგრეთვე სხელმიწიფო ა(ა)იპ – ების წარმომადგენლებისთვის. ონლაინ კურსის საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: კერძო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლის წყაროების სამართლებრივი რეგულირება; ფინანსური ანგარიშების მომზადების სტანდარტები; მარაგების აღრიცხვა და გრძელვადიანი აქტივები; სამუშაო დროის აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები; პროექტის აქტივობების ფინანსური მართვა და ადმინისტრაციული ხარჯების განაწილება; ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა; საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები; დამატებული ღირებულების გადასახადი.
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები და დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. სწავლა დაიწყება თებერვლაში და დასრულდება აპრილში. კურსს გაუძღვება დავით ტივიშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი, ეკონომიკის დოქტორი.
კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი, 2022 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსის მონაწილეთა უკუკავშირი
„კურსიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლო და პრაქტიკული იყო ჩემთვის. მიღებული ცოდნა გამოვიყენე ორგანიზაციაში პროგრამების მართვაში, ახალი პროექტების დაგეგმვაში, კონსულტაციის დროს.“
„კურსის საშუალებით კარგად გავიაზარე ის საგადასახადო საკითხები, რაც მანამდე ბუნდოვანი იყო. ონლაინ კურსის დასრულების შემდეგ უკეთესად ვერკვევი ფინანსურ საკითხებში, გავაუმჯობესე მართვის ხარისხი, ორგანიზაციაში დავნერგე სხვადასხვა სტანდარტი, რამაც გააუმჯობესა ორგანიზაციის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკა.“
„იყო რამოდენიმე საკითხი რაც პრაქტიკაში არ შემხვედრია, თუმცა უახლოეს მომავალში მომიწევს მათი გადაჭრა. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ, შემიძლია სწორი გადაწყვეტილება მივიღო ამ საკითხების მოსაგვარებლად.“
„ონლაინ სწავლება ძალიან მოსახერებელი იყო. შეგიძლია მაშინ დაესწრო ლექციას როცა თავისუფალი დრო გაქვს. ასევე, თუკი რაიმე ვერ გაიგე შეგიძლია რამოდენიმეჯერ უყურო ლექციას და ასევე პირადად დაუსვა კითხვა ლექტორს ფორუმის საშუალბით. ძალიან მომწონს ეს პროექტი და კმაყოფილი ვარ რომ შეიქმნა ეს კურსი და პატივი მერგო დავსწერებოდი და მიმეღო სასარგებლო ცოდნა სრულიად უსასყიდლოდ. მადლობას გიხდით და მოხარული ვიქნები თუ მომავალშიც იქნება მსგავსი კურსი და კვლავ მექნება საშუალება მივიღო განათლება.“
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კურსი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.