კამპანიის წარმოება

26.04.2022

მუნიციპალურ დონეზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა (კამპანიის წარმოება)

წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დაინტერესებულია მიიღოს მომსახურება, რომელიც მოიცავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (გორი, ჩოხატაური, ხელვაჩაური) მონაწილეობით ბიუჯეტირების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას, კერძოდ, სოციალური მედიის მართვასა და შესაბამისი სარეკლამო მასალების მომზადებას.

ზოგადი ინფორმაცია
მონაწილეობითი ბიუჯეტირება პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მაღალი დონის ჩართულობას. ის, დროის გასვლასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება საქართველოში და უკვე ინერგება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

სატენდერო წინადადების მიზანია 3 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, ჩოხატაური, ხელვაჩაური) მხარდაჭერა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვა/გაძლიერების კუთხით, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალურ მედია-პლატფორმაზე (ფეისბუქზე) შესაბამისი, კამპანიის მხარდამჭერი გვერდების შექმნასა და მართვას, ხოლო უკვე შექმნილი გვერდის(ების) ტექნიკურ აუდიტს და საჭიროებიდან გამომდინარე სარეკლამო მასალების მომზადებას.
კონკურსი გამოცხადდა პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ მეორე ფაზის ფარგლებში რომელსაც ახორცილებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პური მსოფლიოს (BftW) მხარდაჭერით. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება. პროექტის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განვითარების სფეროში ჩართული აქტორები შეძლებენ გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ადგილობრივი საჭიროებები და განვითარების პრიორიტეტები, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება იმ ინტერვენციების განხორცილებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული ვითარების გაუმჯობესებას.

ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე მომსახურების მიზანია მონაწილეობითი ბიუჯეტის პოპულარიზაციის, ინფორმირებულობის და ჩართულობის მხარდაჭერა სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

შესასრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა:
კონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაო მათ შორის მოიცავს:
o სოციალურ მედია არხზე (ფეისბუქი) პროფილების შექმნას თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ხოლო უკვე შექმნილი გვერდების ტექნიკურ-შინაარსობრივი ნიშნით შეფასებასა და მონიტორინგს.
o სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას (პოსტების სავარაუდო რუბრიკები, გამოსაყენებელი მასალის რაოდენობა და მათი გამოყენება/განთავსების ყოველთვიური გეგმა);
o ვიზუალური და ტექსტუალური მასალის (კონტენტი) შექმნას მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სოციალურ ქსელში შესაბამის რეკლამირებას;
o ბეჭდვითი სარეკლამო მასალის (ფლაერი, პოსტერი) დიზაინისა და შინაარსიის შემუშავებას
o მინიმუმ 1 საკონსულტაციო შეხვედრის ორგანიზებას თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში
o მინიმუმ 1 ფოკუს ჯგუფის ჩატარებას დაინტერესებულ მხარეებთან თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში
საქმიანობის პერიოდი: 2022 წლის ივნისი -ნოემბერი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესებულ კომპანიას/საინიციატივო ჯგუფსა თუ ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს:
o შესაბამის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებაში გამოცდილება)
o ილუსტრატორის, ფოტოშოპის, ინდიზაინის ან ქორელის პროგრამების ცოდნა
o მუნიციპალიტეტთან ურთიერთობისა და მუშაობის გამოცდილება
o მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმის შესახებ ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

საბოლოო პროდუქტები:
o მონაწილეობით ბიუჯეტირების პოპულარიზაციისკენ მიმართული ქმედითი და ეფექტური კამპანია
შერჩეულ შემსრულებელს შეიძლება მოუწიოს კამპანიის განხორციელების პროცესსა და მის შედეგებთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

ტენდერში მონაწილეობა:
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან საინიციატივო ჯგუფს.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
o საკითხზე მომუშავე პირთა რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
o კამპანიის მართვის ხედვა (კონცეფცია)(კონცეფცია ორგანიზაციას უნდა უქმნიდეს წარმოდგენას სავარაუდო რუბრიკების/მასალების შინაარსზე, გამოსაყენებელი მასალის რაოდენობასა და მათი გამოყენება/განთავსების გეგმაზე და ასახავდეს მონაწილის ზოგად ხედვას კამპანიის შინაარსსა და მის მართვა-განხორციელებასთან დაკავშირებით);
o ტენდერის დავალების შესაბამისი თემატიკის შესახებ მომზადებული ერთი საინფორმაციო მასალისა და ვიზუალის ნიმუში;
o წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების ე.წ. პორთფოლიო;
o შესასრულებელი სამუშაოს ჯამური და ჩაშლილი ბიუჯეტი (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს ან/და საშემოსავლოს ჩათვლით)
o სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო პერიოდი (აქტივობების განხორციელებისა და შესრულების დროში გაწერილი გეგმის მითითებით).

შეფასების კრიტერიუმები:
ორგანიზაცია დაინტერესებულ სუბიექტებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
o შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
o კამპანიის მართვის ხედვა (კონცეფცია)
o ერთი საინფორმაციო ნიმუში (პოსტის ტექსტი და ვიზუალი)
o მომსახურების ფასი;

დოკუმენტის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: natia@civilin.org
სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 2 მაისი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო პირი: ნათია აფხაზავა, მობ:+995 599 777 185