საგრანტო კონკურსი

19.10.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდას, ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების ხელშემწყობი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის გზით (ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებებით). რამაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას და ორგანიზაციული საქმიანობის ინკლუზიურობას.

კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მინიმუმ 1 წლის დაფუძნებულნი არიან. გრანტები გაიცემა ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ანგარიშვალდებულებისა და-გამჭვირვალობის, ასევე კარგი მმართველობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაზე, როგორც საკუთარი ორგანიზაციისთვის, ასევე კონკრეტული სამიზნე ორგანიზაციების ჯგუფისთვის ან მთელი სექტორისთვის, შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • ინფორმაციის ღიაობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, (მაგალითად, ორგანიზაციის ვებ-გვერდის შემუშავება და გამართვა; ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ ენაზე და ფორმით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა);
  • ბენეფიციარებისა და სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების) უკუკავშირის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვა, მიღებული შედეგების მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშებში ასახვა და ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინების ხელშეწყობა;
  • დონორებისთვის, პარტნიორებისთვისა და ბენეფიციარებისთვის რეგულარული ანგარიშგების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
  • ბენეფიციართა თანამონაწილეობის ხელშეწყობა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელებისას;
  • უფრო გამოცდილი ორგანიზაციების მხრიდან გამოცდილების გაზიარების პრაქტიკები (Peer to peer განვითარება, knowledge and experience sharing);
  • ორგანიზაციაში კარგი მმართველობის პრინციპების და პრაქტიკების მხარდაჭერა, მათ შორის: ა) ორგანიზაციაში მოქმედი შიდა პოლიტიკის დოკუმენტების რევიზია და გადამუშავება ან ხელახლა შემუშავება და დანერგვა (მაგალითად, თანასწორობის, ინტერესთა კონფლიქტის, შესყიდვების, შინაგანაწესის და სხვა ორგანიზაციული პოლიტიკის დოკუმენტები); ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მოდელური შიდა პოლიტიკის დოკუმენტების შაბლონების შემუშავება და დანერგვაში ხელშეწყობა.

საგრანტო პროექტის თემატიკაზე სამუშაო პროცესში რეკომენდებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ შექმნილი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების დამხმარე სახელმძღვანელოს“ გამოყენება.

საკონკურსო მოთხოვნები:
საპროექტო განაცხადი ფოკუსირებული უნდა იყოს ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებაზე, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვა-გაუმჯობესების მიმართულებებით. ამ მიმართულებებით ორგანიზაციის მიმართ საზოგადოების, დონორებისა და დაინტერესებული პირების ნდობის გაზრდასა და ლეგიტიმურობის ხარისხის ამაღლებაზე. აღნიშნული, მიიღწევა სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებით, შესაძლებლობების გაზრდით, რათა მათ შეძლონ პროექტული აქტივობების განხორციელებისას და ორგანიზაციული საქმიანობისას, ანგარიშვალდებულება-გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის შესაბამისი სტანდარტების გამოყენება. ისეთი მექანიზმების შექმნით და მათი სისტემური ხასიათით დანერგვით, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა მონაწილეობას, მათი უკუკავშირის მიღებას და გათვალისწინებას მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საჭიროებებზე მორგებული, უფრო ეფექტური სერვისების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პროცესით შეთავაზებას.

საკონკურსო პირობები:

  • საგრანტო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, ელექტრონული სახით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმატის შესაბამისად (იხ. დოკუმენტები: დანართი 1 – სააპლიკაციო ფორმა და დანართი 2 – პროექტის ბიუჯეტის ფორმა)
  • მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თანხის ჩარიცხვა მოხდება სამ ტრანშად, მათ შორის 10 % საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ.
  • პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული კომპონენტებისა იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • უნდა მიეთითოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები (CV), პროექტის განხორციელებისას მათი პასუხისმგებლობებისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მითითებით;
  • თუ პროექტით გათვალისწინებულია ექსპერტების მოწვევა, საჭიროა მიეთითოს მათი ვინაობა, პროფესიული გამოცდილება, რა საკითხებზე იმუშავებენ, რა დროით და ა.შ.

კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: s.jashi@civilin.org განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი 18:00სთ.

პროექტები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დოკუმენტაციის მიღების დადასტურების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება. შემოტანილი პროექტი განმცხადებელს უკან არ დაუბრუნდება.

გამარჯვებულ საპროექტო განაცხადებს გამოავლენს სპეციალური კომისია, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. იხ. თანდართული დოკუმენტი: დანართი 3 – შეფასების ფორმა.

კონკურსის შედეგები ცნობილი დეკემბრის ბოლოს გახდება.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:

24 ოქტომბერი  – 12:00-15:00 ქუთაისი, წერეთლის ქ. #69, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
25 ოქტომბერი – 12:00-15:00 ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #94, ათინათის ოფისი;
26 ოქტომბერი – 12:00-15:00 ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #31, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
27 ოქტომბერი – 12:00-15:00 ოზურგეთი, 26 მაისის ქუჩა 11ა, პროგრესის სახლის ოფისი;
31 ოქტომბერი – 16:00-19:00 თბილისი, თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი (Courtyard by Marriott);
2 ნოემბერი – 13:00-16:00 გორი, რუსთაველის 19ა, საზოგადოება “ბილიკის” ოფისი;
3 ნოემბერი – 16:00-19:00 Zoom პლატფორმის გამოყენებით შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ორგანიზაციებისთვის. შეხვედრაზე დასწრების სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms;
6 ნოემბერი – 13:00-16:00 ახალციხე, რუსთაველის ქ. 26, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისი;
8 ნოემბერი – 13:00-16:00 მარნეული, ხ. ბორჩალოელის ქ. #23ა, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, HEKS EPER Georgia;
10 ნოემბერი – 13:00-16:00 თელავი, ვაჟა-ფშაველას ქ. #3, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Tel: (995 32) 2 36 36 00 – სოფო ჯაში
E-mail: s.jashi@civilin.org