ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ტენდერს სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლებასა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე.
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
შესყიდვის საგანი: სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლება და სამოქმედო გეგმის შექმნა 2021-2024 წლებისთვის.
კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სამი წლის წინ შეიქმნა CSSIGE -ს პროექტის ფარგლებში. იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებათა საქმიანობის ხელშეწყობას. კამპანია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევას. კამპანია ამ დრომდე დაფუძნებული იყო სამოქმედო გეგმასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე 2018-2020 (იხ. ).
სამუშაო დავალება:
კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები
მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა იურიდიულმა პირმა/საინიციატივო ჯგუფმა ან ფიზიკურმა პირმა „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის გუნდთან თანამშრომლობით, უნდა:
- შეაფასოს კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.
- ამ შეფასებაზე დაყრდნობით, კამპანიის გამოცდილებისა და პროექტის მიზნების გათვალისწინებით განაახლოს კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგია და შეიმუშავოს 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
მეთოდოლოგია
მოცემული მომსახურების მიწოდება, თავის მხრივ, გულისხმობს შემდეგი ამოცანების შესრულებასა და საქმიანობის განხორციელებას:
- კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შეფასება და ანალიზი – მომსახურების შესრულების პირველ ეტაპზე მომწოდებელმა იურიდიულმა პირმა/საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს 2018-2020 წლებში განხორციელებული კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგია, მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მეორადი მონაცემების (აქტივობების ანგარიშები) ანალიზისა და თვისებრივი კვლევების შედეგად.
- ინტერვიუები და დისკუსიები შესაბამის ფოკუს ჯგუფებთან (დაინტერესებულ პირებთან, კამპანიაში ჩართულ ექსპერტებთან და კამპანიის ბენეფიციარებთან) კამპანიის ხარისხისა და შედეგების შესაფასებლად. (როგორი იყო კამპანიის ხილვადობა, რამ იმუშავა და რამ არა, რა უნდა შეიცვალოს, რა გაუმჯობესდეს და ა.შ.).
- კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ 2021-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და მონიტორინგის სისტემის შემუშავება – მომსახურების მომწოდებელმა იურიდიულმა პირმა ან საინიციატივო ჯგუფმა, პროექტის გუნდთან ერთად, უნდა მართოს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი, იმისათვის რომ შეიმუშავოს პროექტის სამწლიანი კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, უნდა მოიცავდეს სპეციალურ კამპანიებს, შესაბამის ბიუჯეტს, ასევე მონიტორინგისა და შეფასების სისტემას.
საბოლოო პროდუქტები
- 2018-2020 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგების შეფასება.
- კამპანიის განახლებული საკომუნიკაციო სტრატეგია.
- საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების, მათ შორის მონიტორინგისა და შეფასების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
- პროდუქტი – 2018-2020 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგების შეფასება; ვადა – 20 ივნისი, 2021.
- პროდუქტი – ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია; ვადა – 30 ივნისი, 2021.
- პროდუქტი – შესრულებისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა; ვადა – 30 ივნისი, 2021.
შენიშვნა: პროექტის საბოლოო პროდუქტების სახით მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მიმართ ევროკავშირის კომუნიკაციის და ხილვადობის სტრატეგიის მოთხოვნებს.
ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა – საკომუნიკაციო ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემსრულებლის ან სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეებს, სტრატეგიული გეგმისა და ბრენდინგის მინიმუმ ორ-ორ ნიმუშს ვიზუალური პორტფოლიოს ჩათვლით, ასევე კლიენტების რეკომენდაციებს.
- საპროექტო წინადადება (კრეატიული კონცეფცია), რომელიც უნდა მოიცავდეს მეთოდოლოგიას, მიდგომებს, აქტივობების აღწერასა და მოსალოდნელ შედეგებს.
- ბიუჯეტი და თაიმლაინი. (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს გარეშე).
იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
- საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2021 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: a.jikia@civilin.org
სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- გამოცდილება – 30 ქულა;
- საპროექტო განაცხადი – 40 ქულა;
- მომსახურების ღირებულება – 30 ქულა.
საკონკურსო სატენდერო კომისია ინტერვიუსთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს.
მონაწილეთათვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა:
ტენდერში მონაწილეთათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო zoom შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ ელ–ფორმა 23 მაისამდე (https://forms.gle/vBM6xcSkdne4ngiT6), რათა მიიღოთ ონლაინ შეხვედრის ბმული, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 759 724 (თემურ ჯალიაშვილი)