სატენდერო განცხადება ახალი ონლაინ კურსის შექმნაზე

28.11.2023

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის – სამოქალაქო მონიტორინგის – შექმნასა და გაძღოლაზე.

ონლაინ პლატფორმის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა – www.e-learning.ge და აქტიურად უძღვება დისტანციურ სწავლებას საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის 20 ონლაინ კურსი განსხვავებული აუდიტორიისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის და ასე შემდეგ.

კურსები აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე: მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge საშუალებით. სწავლების პროცესი დისტანციურია და თითოეული კურის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს.

კურსები არის უფასო და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

შესყიდვის საგანი: ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი – „სამოქალაქო მონიტორინგი“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და ონლაინ პლატფორმაზე განთავსებას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა წარიმართოს მონაწილეთა ერთი ნაკადის სასწავლო პროცესი, რაც გულისხმობს დისტანციურად კურსის მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათი შედეგების შეფასებას და მენტორობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოქალაქეთა მონაწილეობის თვითორგანიზების ფორმების სტიმულირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მათ უშუალო მონაწილეობას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა და დაინტერესება ადგილობრივი პრობლემების მოგვარების და თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, პირდაპირ გავლენას ახდენს და ხელს უწყობს უფრო ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

სამოქალაქო მონიტორინგი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოდგენს საზოგადოებისთვის, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

კურსის მიზანია სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით ადგილობრივი აქტორების გაძლიერება, მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების სწავლება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალიტეტის კომპეტენციების ფარგლებში არსებული პრიორიტეტული სერვისების მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგი. კურსის ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადების აქტორები (საზოგადოებრივი/ სათემო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები, საინიციატივო ჯგუფები და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები).

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებები; უნდა ჰქონდეთ თეორიული ცოდნა რა არის მონიტორინგი, როგორ დაგეგმონ და წარმართონ მონიტორინგის პროცესი, ასევე იცოდნენ რა ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის/პროგრამის მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ კურსის საშუალებით მონაწილეებმა შეძლონ მონიტორინგისთვის საჭირო საბაზისო უნარების ათვისება და მონიტორინგის ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა.

სამუშაო დავალება, კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა ფიზიკურმა პირმა, საინიციატივო ჯგუფმა ან იურიდიულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით:

  1. უნდა შეიმუშაოს კურსის კონცეფცია, სილაბუსი, სასწავლო მასალა და დავალებები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ლექციების ჩაწერაში;
  2. წარმართოს სასწავლო პროცესი;
  3. სწავლების პროცესში მენტორობა გაუწიოს კურსის მონაწილეებს;
  4. სწავლების პროცესში შეაფასოს მონაწილეები.

კურსის კონცეფციის შემუშავების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს კურსის შემდეგი ამოცანები:

1. დაეხმაროს რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის საფუძვლების გააზრებაში, რას გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში მონაწილეობითი მონიტორინგი და რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი პოლიტიკის ზედამხედველობაში მოქალაქეების ჩართულობას. ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციების გაცნობა, რისი მონიტორინგი შეუძლიათ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და რისი არა.

2. ასწავლოს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის განხორციელების და შესრულების მონიტორინგის ტექნიკები. გააცნოს მსმენელებს ამ მიმართულებით არსებული კარგი ქართული პრაქტიკა.

3. შესაძლებლობა მისცეს რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს მონიტორინგი გაუწიონ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობას/მართვას (ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ძირითადი ინდიკატორები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგის პრაქტიკები, ინფრასტრუქტურული პროექტების მონაწილეობითი მონიტორინგის კარგი ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა/სახელმძღვანელო/მეთოდოლოგია. სასურველია, მსმენელები გაეცნონ ისეთი ინფრასტრუქტრული პროექტების მშენებლობის/განხორციელების/მართვის მონიტორინგს, როგორიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სასმელი წყალი, სანიაღვრე არხები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, საბავშო ბაღები, ახალგაზრდული და სპორტული ცენტრები და სხვა).

4. მიაწოდოს მონაწილეებს ინფორმაცია ეფექტური მონიტორინგისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებაზე გააცნოს მათ ციფრული ინსტრუმენტები და პლატფორმები, რომელიც შესაძლოა გამოიყენონ მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის.

5. გაუზიაროს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს ინფორმაცია ეფექტური ადვოკატირების წარმატებული მაგალითების შესახებ სამოქალაქო მონიტორინგში, თუ როგორ შეიმუშაონ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადვოკატირების სტრატეგიები, როგორ ჩართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები პოზიტიური ცვლილებებისთვის მიღწევაში. როგორ გაზარდონ თანამშრომლობა მედიასთან გაზრდილი ხილვადობისთვის და როგორ უზრუნველონ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან (სსო) და ადგილობრივ თემებთან პარტნიორობის გაძლიერება მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.

კურსის ტექნიკური მახასიათებლები და მისი წარმართვის მეთოდოლოგია
მოცემული მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები/გარემოებები:
• შესაძლოა კურსს ჰყავდეს რამდენიმე, მათ შორის მოწვეული სპიკერი, რომელიც კონკრეტულ თემაზე ან საკითხზე ისაუბრებს;
• ვიდეო ლექციების რაოდენობა დამოკიდებულია კონცეფციის შინაარსზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლექციას;
• ვიდეო ლექციების ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 20 – 25 წუთი;
• საკითხავი მასალა უნდა იყოს ქართულ ენაზე. მხოლოდ დამატებითი მასალა შესაძლოა იყოს უცხოურენოვანი;

საბოლოო პროდუქტები
1. კურსის სილაბუსი
2. ვიდეო ლექციები
3. საკითხავი მასალა
4. ქვიზები, დავალებები, პრე-პოსტ ტესტები
5. კურსის გაძღოლა/შეფასება (ერთ ნაკადი)

დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება გულისხმობს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
1. კურსის დეტალური სილაბუსი  – 20 დეკემბერი, 2023
2. ვიდეო ლექციების სკრიპტების მომზადება ლექციების ჩაწერა – 30 იანვარი, 2024
3. სასწავლო მასალის: საკითხავი მასალი, ქვიზების, დავალებების მომზადება – 10 თებერვალი, 2024
4. სასწავლო პროცესი – თებერვალი, მარტი, 2024
5. დავალების შესრულების ანგარიში (ინგლისურ ენაზე) – მარტი, 2024 (სასწავლო პროცესის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში)

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირებმა, საინიციატივო ჯგუფებმა ან იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
• გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს სპიკერის ან სპიკერების რეზიუმეებს.
• კურსის კონცეფცია, იხილეთ დანართი 1.
• ბიუჯეტი ორი კომპონენტის გათვალისწინებით: კურსის შექმნა (სილაბუსის და სასწავლო მასალის მომზადება, ლექციების ჩაწერაში მონაწილეობის მიღება) და სასწავლო პროცესის გაძღოლა (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს გარეშე).

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 10 დეკემბერი 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: t.imnadze@civilin.org

ტენდერში მონაწილეთა განაცხადებები შეაფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• გამოცდილება – 30 ქულა;
• კურსის კონცეფცია – 40 ქულა;
• მომსახურების ღირებულება – 30 ქულა.

ლექციების კითხვის და კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა ჩაიწეროს საპილოტე ვიდეო ლექცია.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ: საკონტაქტო პირი, თათა ბოჭორიშვილი 598 74 35 12, ელ–ფოსტა: tamar@civilin.org.

პროექტის შესახებ:
ტენდერი ცხადდება პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების“ – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

პროექტის ძირითადი ამოცანები:

  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება;
  • მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.

USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში.