ტენდერი: ახალი ონლაინ სასწავლო კურსის – სათემო ადვოკატირების შექმნა

17.10.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის, სათემო ადვოკატირების შექმნასა და გაძღოლაზე.

ონლაინ პლატფორმის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა – www.e-learning.ge და აქტიურად უძღვება დისტანციურ სწავლებას საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის 20 ონლაინ კურსი განსხვავებული აუდიტორიისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის. კურსები აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე: მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge საშუალებით. სწავლების პროცესი დისტანციურია და თითოეული კურის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს. კურსები არის უფასო და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

შესყიდვის საგანი:
ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი „სათემო ადვოკატირება“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და საიტზე ატვირთვას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის ერთი ნაკადის წარმართვა, რაც გულისხმობს დისტანციურ რეჟიმში მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათ შეფასებას და მენტორობას.

ონლაინ კურსის მიზანი:
ადვოკატირება დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი ლიდერების და თემის გაძლიერებაში, პოზიტიური ცვლილებების მიღწევში, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასა და ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენაში. სათემო ადვოკატირების საშუალებით შესაძლებელი ხდება თემში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება, ადგილობრივ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კურსის მიზანი არის ადგილობრივი აქტორების გაძლიერება სათემო ადვოკატირების მიმართულებით, რათა მათ შეძლონ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი ადვოკატირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კურსის საშუალებით მონაწილეებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა ადგილობრივი თემის განვითარების შესახებ, სათემო ადვოკატირების რა ფორმები არსებობს, როგორ შეიმუშაონ ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მოახდინონ დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და აწარმოონ შესაბამისი კომუნიკაცია. კურსი განკუთვნილი იქნება საზოგადოებრივი/სათემო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის, თემის ლიდერებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს უნდა შეეძლოთ კანონით განსაზღვრული/დამატებითი მექანიზმების და ადვოკატირების ინსტრუმენტების გამოყენებით მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება და პოზიტიური ცვლილებების ინიცირება.

სამუშაო დავალება, კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა ფიზიკურმა პირმა, საინიციატივო ჯგუფმა ან იურიდიულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით:

  1. უნდა შეიმუშაოს კურსის კონცეფცია, სილაბუსი, სასწავლო მასალა და დავალებები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ლექციების ჩაწერაში;
  2. წარმართოს სასწავლო პროცესი;
  3. სწავლების პროცესში მენტორობა გაუწიოს კურსის მონაწილეებს;
  4. სწავლების პროცესში შეაფასოს მონაწილეები.

კურსის კონცეფციის შემუშავების დროს, მათ შორის გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის თავისებურებები და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების მიმართულებები (ბიუჯეტის დამტკიცება, პოლიტიკის განსაზღვრა, ქონების განკარგვა, მერის ზედამხედველობა);
  • ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ადვოკატირების ინსტრუმენტები, აგრეთვე მათი პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები;
  • თემის მობილიზაციის მეთოდები და ინსტრუმენტები (მათ შორის ონლაინ);
  • სათემო ადვოკატირების განხორციელებისთვის საჭირო პიროვნული უნარების გაძლიერება.

კურსის ტექნიკური მახასიათებლები და მისი წარმართვის მეთოდოლოგია
მოცემული მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები/გარემოებები:

  • შესაძლოა კურსს ჰყავდეს რამდენიმე, მათ შორის მოწვეული სპიკერი, რომელიც კონკრეტულ თემაზე ან საკითხზე ისაუბრებს;
  • ვიდეო ლექციების რაოდენობა დამოკიდებულია კონცეფციის შინაარსზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლექციას;
  • ვიდეო ლექციების ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 20 – 25 წუთი;
  • საკითხავი მასალა უნდა იყოს ქართულ ენაზე. მხოლოდ დამატებითი მასალა შესაძლოა იყოს უცხოურენოვანი;

საბოლოო პროდუქტები

  1. კურსის სილაბუსი;
  2. ვიდეო ლექციები;
  3. საკითხავი მასალა;
  4. ქვიზები, დავალებები, პრე-პოსტ ტესტები;
  5. კურსის გაძღოლა/შეფასება (ერთ ნაკადი).

დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება გულისხმობს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
# პროდუქტი და საბოლოო ვადა

  1. კურსის დეტალური სილაბუსი  – 20 ნოემბერი, 2023;
  2. ვიდეო ლექციების სკრიპტების მომზადება ლექციების ჩაწერა  – 20 დეკემბერი 2023;
  3. სასწავლო მასალის: საკითხავი მასალი, ქვიზების, დავალებების მომზადება  – 15 იანვარი, 2024;
  4. სასწავლო პროცესი თებერვალი- მარტი, 2024.

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირებმა, საინიციატივო ჯგუფებმა ან იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს სპიკერის ან სპიკერების რეზიუმეებს;
  • კურსის კონცეფცია, იხილეთ დანართი 1;
  • ბიუჯეტი ორი კომპონენტის გათვალისწინებით: კურსის შექმნა (სილაბუსის და სასწავლო მასალის მომზადება, ლექციების ჩაწერაში მონაწილეობის მიღება) და სასწავლო პროცესის გაძღოლა (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს გარეშე).

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 31 ოქტომბერს 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: t.imnadze@civilin.org სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ community advocacy.

ტენდერში მონაწილეთა განაცხადები შეფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • გამოცდილება – 30 ქულა;
  • კურსის კონცეფცია – 40 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 30 ქულა.

ლექსიცების კიხვის და კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა ჩაიწეროს საპილოტე ვიდეო ლექცია.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ: საკონტაქტო პირი, თათა ბოჭორიშვილი 598 74 35 12 tamar@civilin.org

პროექტის შესახებ
ტენდერი ცხადდება პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების“ – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

პროექტის ძირითადი ამოცანები:

  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება;
  • მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.

USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა | Tbilisi | Facebook