ტენდერი ბრენდირებული პრომო პროდუქციის დამზადებასა და მოწოდებაზე

20.03.2024

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ტენდერს სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პრომო (ბრენდირებული) პროდუქციის დამზადებასა და მოწოდებაზე.

1. შესავალი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისიაა მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

ინსტიტუტის ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები მათ შორის მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.

2. ზოგადი მიმოხილვა
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.

2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.

3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

3. შესყიდვის საგანი
მომსახურება სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პრომო მასალების (ბრენდირებული: პოლო მაისური, ჰუდი და ჩანთა) დამზადებასა და მოწოდებაზე, შემდეგი ლოტების მიხედვით:

ლოტი #1
მაისური (პოლო) – ბრენდირებული
მახასიათებლები:
რაოდენობა – 150 (ასორმოცდაათი) ცალი;
M, L და XL ზომა. (50-50-50).

ლოტი #2
ჰუდი – ბრენდირებული, ჯიბის და დათბილვის გარეშე
მახასიათებლები:
რაოდენობა – 150 (ასორმოცდაათი) ცალი;
L და XL ზომა. (75-75).

ნაჭრის ჩანთა #3
ნაჭრის ჩანთა – ბრენდირებული
მახასიათებლები – რაოდენობა: 200 (ორასი) ცალი;

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: t.imnadze@civilin.org

დოკუმენტების ჩამონათვალი:
• დაინტერესებული პირის გამოცდილების მოკლე აღწერა;
• ლოტი, რომელშიც იღებს მონაწილეობას (შეიძლება ერთი ლოტი, ორი ან ყველა);
• ბიუჯეტი – (დანართ #1-ში მითითებული ფორმით);
• დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს დამკვეთისგან ბრენდირების შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა;
• ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
• შემოთავაზებული პროდუქციის ელექტრონული ფოტოები (JPG ფორმატში) და ფიზიკური ნიმუშები;
ზემოაღნიშნული პრომო პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისამართზე, თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.

სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

პრომო მასალების ნიმუშების ხარისხი 40%
პრომო მასალების ფასი 40%
პრომო მასალების დამზადების ვადები 20%

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ თეიმურაზ ჯალიაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მენეჯერს.
ტელ: 599 75 97 24, ელ–ფოსტა: temuri@civilin.org

დანართი #1 ბიუჯეტის ფორმა

დანართი 2 – პრომო პროდუქციის დიზაინი