ტენდერი მკვლევარი ექსპერტის მომსახურებაზე

07.10.2021

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სტაბილური განვითარების მონაწილეები საქართველოში.
ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულება ENI/2020/421-052

ფილანთროპიული და მოხალისეობრივი საქმიანობის კვლევის საექსპერტო მომსახურება

ტექნიკური დავალება
აქტივობა – 3.2.1 – მოხალისეობისა და ფილანთროპიის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი
ბიუჯეტის მუხლი: 5.9.3

შესავალი

“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისიაა მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

ინსტიტუტის ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები მათ შორის მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.

ზოგადი მიმოხილვა

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”(შემდგომში “პროექტი”) – ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ამოცანები

  • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ინიციატივის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის – მოხალისეობა, ფილანთროპია – წახალისება. მითითებული დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს ტექნიკური დავალება უმცროსი ექსპერტისთვის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულთან დაკავშირებულ პროცესებში, კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.

დავალების ამოცანა

დავალების ამოცანაა კვლევითი საქმიანობის წარმოება, რომლის ფარგლებში გაკეთებული მიგნებებიც გააადვილებს პროექტის ფარგლებში ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შედეგიან განხორციელებას (მათ შორის ადვოკატირების კამპანიის წარმოებას, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებების დაგეგმვას) და ამით მოემსახურება მოხალისეებისა და ფილანთროპიის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრას.

ძირითადი სამუშაოს არსი

სამუშაოს ძირითადი არსი გულისხმობს კვლევის წარმოებას, რის შედეგადაც მოხდება მოხალისეობისა და ფილანთროპიის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების ევროპული გამოცდილების ანალიზი და მოხალისეობისა და ფილანთროპიის ხელშემწყობი პოლიტიკის ფორმირებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.

კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  • კვლევის სტრუქტურის შემუშავება და ძირითადი აქცენტების გამოკვეთა.
  • კვლევის ჩასატარებლად საჭირო სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა და მომსახურების დროულად გაწევა.
  • მოხალისეობისა და ფილანთროპიის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ევროპული პრაქტიკების შესწავლა, სათანადო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
  • კვლევის მიგნებების თავმოყრა და პროექტს გუნდისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარება.

მეთოდოლოგია

ექსპერტმა მუშაობის პროცესში უნდა აწარმოოს სამაგიდო კვლევა, ასევე გამოიყენოს ე. წ Case Study Analysis – ის მიდგომა ევროპულ პრაქტიკაზე აქცენტით. მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები შეიძლება დაზუსტდეს მომსახურების გაწევის პროცესში, ობიექტური მოცემულობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

საბოლოო პროდუქტი

  • მოხალისეობისა და ფილანთროპიის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ევროპული პრაქტიკის შესახებ კვლევითი ანგარიშის მომზადება;
  • კვლევის ანგარიშის და კვლევის ფარგლებში გაკეთებული მიგნებების დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარება/პრეზენტაცია.

კომპეტენციასა და ცოდნასთან დაკავშირებული საკითხები

  • სამაგიდო კვლევების წარმოების გამოცდილება;
  • კვლევის მომზადებისა და შესაბამისი ანალიტიკური მასალების შექმნისათვის საჭირო კომპეტენცია და პრაქტიკული უნარები;
  • მოხალისეობისა და ფილანთროპიის შესახებ ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა.

დავალების ხანგრძლივობა

  • მოსამზადებელი სამუშაოები: დღეების რაოდენობა – 3;
  • კვლევითი ანგარიშის მომზადება და დასრულება: დღეების რაოდენობა – 12;
  • ნამუშევარი დღეების საერთო რაოდენობა – 15;
  • მომსახურების დაწყებისა და შესრულების საერთო პერიოდი: დღეების რაოდენობა – ნოემბერი – აპრილი (2021).

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სფეროში გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირს რომელმაც უნდა წარმოადგინოს:

  • სამაგიდო კვლევის სტრუქტურის აღწერა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დეტალები;
  • CV და სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი წარმოაჩენს მსგავსი დავალების შესასრულებლად საჭირო გამოცდილებასა და უნარებს;
  • შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ღირებულება (უნდა მიეთითოს დარიცხული, დაბეგვრამდე ოდენობის (Gross) თანხა და დავალების განხორციელების გეგმა (გეგმაში უნდა ჩანდეს ხედვა კვლევის სავარაუდო სტრუქტურასა და ძირითად აქცენტებთან დაკავშირებით);
  • ღირებულების მითითებასთან ერთად, კანდიდატმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია საპენსიო პროგრამაში ჩართულობის შესახებ (არის თუ არა პირი საპენსიო პროგრამაში ჩართული და რა პერიოდიდან) და გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ (არის თუ არა გადასახადის გადამხდელად, კერძოდ, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული).

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2021 წლის 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ-მისამართზე: a.jikia@civilin.org

განაცხადების განხილვის შემდეგ ორგანიზაცია ინტერვიუსთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ პირებს. ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლები მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • გამოცდილება – 20 ქულა
  • ხედვა კვლევის სტრუქტურასა და მის ძირითად აქცენტებთან დაკავშირებით – 40 ქულა
  • განხორციელების გეგმა- 15
  • მომსახურების ღირებულება – 25 ქულა