სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფისთვის, აცხადებს ტენდერს საზოგადოებრივი ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული მართვის დოკუმენტების/რეგულაციების სანიმუშო ვერსიების პაკეტების შექმნაზე.
1. შესავალი
ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისიაა მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს შორისაა: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირება, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირება, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირება და ადმინისტრირების გაუმჯობესება, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევა.
2. ზოგადი მიმოხილვა
აღნიშნული ტექნიკური დავალება შედგენილია ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ინიციატივის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა კარგი მმართველობის მიმართულებით, კერძოდ, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ორგანიზაციული დოკუმენტების ნიმუშები (templates), რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმარებათ ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვაში, შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების, მექანიზმების და ინსტრუმენტების დახვეწასა და მოწესრიგებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
მითითებული დოკუმენტი წარმოადგენს ტექნიკურ დავალებას ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფისთვის რომელიც შეიმუშავებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული მართვის დოკუმენტების/რეგულაციების სანიმუშო ვერსიების პაკეტებს.
3. დავალების ამოცანა
დავალების ძირითადი ამოცანაა შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული მართვის დოკუმენტების სანიმუშო ვერსიები, რაც დაეხმარება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გამართონ შიდა ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტები და სისტემები.
ტენდერი ცხადდება თემატურ ლოტებად. ერთ ლოტში მონაწილეობა არ ზღუდავს სხვა ან ყველა ლოტში მონაწილეობას. ერთ ლოტში მონაწილე პირი ვალდებულია შესაბამისი ლოტით გათვალისწინებული საკითხები მოიცვას სრულად.
სანიმუშო დოკუმენტები უნდა შეიქმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის (ა(ა)იპ). ტენდერი ცხადდება შემდეგ ლოტებზე:
I ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) წესდება;
II ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) შიდა ორგანიზაციული მართვის რეგულაციები;
III ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) შიდა ორგანიზაციული ფინანსური რეგულაციები;
IV ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის რეგულაციები.
იხილეთ ლოტების მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია:
I ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) წესდება
ამ ლოტის ფარგლებში ექსპერტმა/ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (ა(ა)იპ-ისთვის) ორი სახის წესდების სანიმუშო ვერსია: ა) წევრობაზე დაფუძნებული ა(ა)იპ-ისთვის და ბ) ისეთი ორგანიზაციისთვის (ა(ა)იპ-ისთვის რომელიც არაა წევრობაზე დაფუძნებული.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მონაცემების გარდა, წესდებაში დამატებით უნდა იქნეს გათვალისწინებული სულ ცოტა შემდეგი საკითხები:
• ორგანიზაციის მისია და საქმიანობის ძირითადი ფორმები;
• ორგანიზაციის მართვის სისტემა და სტრუქტურა;
• შიდა და გარე ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტები;
• ორგანიზაციის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირების/ორგანოს ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება;
• ორგანიზაციის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირების/ორგანოს ძირითადი უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა;
• ორგანიზაციის მმართველობითი/ხელმძღვანელი ორგანოს/პირის წევრთა არჩევის და ცვლილების წესები (წევრთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფის პრინციპზე აგებული), წევრთა რაოდენობა და უფლებამოსილების ვადა;
• საზედამხედველო და საკონსულტაციო რგოლის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, ფორმირების და საქმიანობის წესები (კომიტეტები, სპეციალური პოზიციები და ა.შ);
• მმართველობითი ორგანოს/ხელმძღვანელი ორგანოს შეხვედრების მოწვევის წესი, შეხვედრის სიხშირე და შეხვედრების ოქმების შედგენის წესები;
• მმართველობითი ორგანოს/ხელმძღვანელი ორგანოს/პირის წევრთა შერჩევის კრიტერიუმები და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მექანიზმები;
• მმართველობითი ორგანოს/ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების წესები და პროცედურები;
• მმართველობითი ორგანოს/ხელმძღვანელი ორგანოს/პირის საქმიანობის შეფასება და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.
II ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) შიდა ორგანიზაციული მართვის რეგულაციები
ამ ლოტის ფარგლებში ექსპერტმა/ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (ა(ა)იპ-ისთვის) შინაგანაწესის და შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის დოკუმენტების სანიმუშო ვერსიები, რომელიც მოიცავს ქვემოთ მოცემულ მიმართულებებს/საკითხებს. ამასთან, ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები/საკითხები შესაძლოა იყოს შინაგანაწესის ნაწილი ან არსებობდეს დამოუკიდებელი რეგულაციების სახით:
• შრომის პოლიტიკა
• სექსუალური შევიწროებისა და თანასწორობის პოლიტიკა;
• სამუშაო დროის აღრიცხვის პოლიტიკა;
• სამსახურეობრივი ქცევის სტანდარტები და ინტერესთა შეუთავსებლობა;
• თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება;
• დისტანციური მუშაობის წესები;
• სამსახურეობრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენების წესები;
• სამივლინებო პოლიტიკა;
• დროის აღრიცხვის პოლიტიკა;
• თანამშრომელთა ქცევის ეთიკის ნორმები;
• ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა;
• მამხილებლის დაცვის პოლიტიკა;
• აქტორებთან კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების დოკუმენტი..
III ლოტი – ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) შიდა ორგანიზაციული ფინანსური რეგულაციები
მოცემული ლოტი მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების (ა(ა)იპ-ების) ფინანსურად გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო რეგულაციების შექმნას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა:
• მატერიალური აქტივების მართვის პოლიტიკა;
• შესყიდვების პოლიტიკა;
• ფინანსური მართვის პოლიტიკა.
IV ლოტი: ორგანიზაციის (ა(ა)იპ-ის) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის რეგულაციები
ამ ლოტის ფარგლებში უნდა შეიქმნას რეგულაციის ნიმუში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (ა(ა)იპ-ებისთვის), რომელშიც განსაზღვრული იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები და პროცედურები, კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. ძირითადი კომპეტენცია, კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები
ტენდერში მონაწილე პირს სავალდებულოა ჰქონდეს:
- ორგანიზაციული დოკუმენტების ნიმუშების შექმნის გამოცდილება.
ტენდერში მონაწილე პირს სასურველია ჰქონდეს:
- იურიდიული/ფინანსური განათლება (ლოტის სპეციფიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე).
ექსპერტმა შერჩეული ლოტისთვის/ლოტებისთვის უნდა შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია ლოტში/ლოტებში ჩამოთვლილი საკითხების სრულად გათვალისწინებით და ამ კონცეფციის შეთანხმების საფუძველზე შეიმუშაოს სანიმუშო დოკუმენტაციის (template) პაკეტი, წინასწარ დადგენილ ვადებში.
5. ტენდერში მონაწილეობის პროცედურა:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირმა/პირთა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს:
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, რეკომენდაცია ან/და სხვა);
• შესასრულებელი სამუშაოს მოკლე კონცეფცია /ხედვა;
• შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი/მომსახურების ღირებულება;
• შესასრულებელი სამუშაოს ვადები.
ვადა: აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა, შემდეგ ელ–მისამართზე: t.imnadze@civilin.org
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: e.tsurtsumia@civilin.org