ტენდერი ცენტრალური სატელევიზიო არხებისთვის

16.09.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს ცენტრალურ სატელევიზიო არხებზე უკვე არსებულ რეიტინგულ გადაცემებში რეგულარული რუბრიკის – „ეს ქვეყანა შენიას“ განთავსებაზე.

1. შესავალი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისიაა მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
ინსტიტუტის ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები მათ შორის მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.

2. ზოგადი მიმოხილვა
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

3. შესყიდვის საგანი
რეგულარული რუბრიკის – „ეს ქვეყანა შენიას“ შექმნა და ცენტრალურ ტელე-არხებზე, უკვე არსებულ რეიტინგულ გადაცემებში პერიოდული განთავსება. რუბრიკები მომზადდება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავებულია პროექტის მიზნების შესაბამისად.
კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სამი წლის წინ შეიქმნა CSSIGE-ს პროექტის ფარგლებში. იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებათა საქმიანობის ხელშეწყობას.
(კამპანია სოც. მედიაში https://www.facebook.com/Thiscountryisyours, კამპანია ტვ-მედიაში https://csogeorgia.org/ge/this-country-is-yours)

კამპანია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევას. კამპანია დაფუძნებულია სამოქმედო გეგმასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე
(https://drive.google.com/file/d/19ky3KkskZPuKOKMW_z-VSHwylwsw_UbU/view?usp=sharing ).

4. მომსახურების დეტალები
მომსახურების ფარგლებში შერჩეულმა იურიდიულმა პირმა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ პროექტის გუნდთან თანამშრომლობით, უნდა:
• მოამზადოს და ცენტრალური ტელევიზიის ეთერში უკვე არსებულ რეიტინგულ გადაცემებში განათავსოს რეგულარული რუბრიკა სახელწოდებით – „ეს ქვეყანა შენია.“ (სატენდერო კომისია განიხილავს კონცეფციებსა და შემოთავაზებებს, რომელშიც შეიძლება აისახოს საკითხისა და მომსახურების მიმართ განმცხადებლის ინდივიდუალური მიდგომა და ხედვა.)

შემოთავაზებული მედია-პროდუქტი უნდა გამომდინარეობდეს კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ კონცეფციიდან და ემსახურებოდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.

შენიშვნა: მომსახურების პროცესში ან მისი საბოლოო პროდუქტების სახით მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მიმართ ევროკავშირის კომუნიკაციისა და ხილვადობის სტრატეგიის მოთხოვნებს. (https://eu4georgia.eu/visibility/)

5. საბოლოო პროდუქტები
რეგულარული სატელევიზიო პროდუქცია (რუბრიკა, გადაცემა და ა.შ) სახელწოდებით – „ეს ქვეყანა შენია“ რომელიც განთავსდება ცენტრალური ტელეარხების ეთერში უკვე არსებულ რეიტინგულ გადაცემებში.

6. დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:

პროდუქტი: რეგულარული რუბრიკის ან სხვა ტელე-პროდუქციის – „ეს ქვეყანა შენიას“  შექმნა და ცენტრალური ტელეარხების ეთერში  უკვე არსებულ რეიტინგულ გადაცემებში განთავსება.
ვადები: ნოემბერი, 2022 – ივლისი, 2023

7. ტენდერში მონაწილეობის პროცედურა
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
• ტელე-პროდუქციაზე მომუშავე ჯგუფის წევრების რეზიუმე და გამოცდილების აღწერა;
• საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ტელე-პროდუქციის კონცეფციას, სავარაუდო სცენარებსა და სამუშაოს შესრულების განრიგს (მათ შორის გადაცემისა და რუბრიკის ეთერში გაშვების დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას).
• მსგავსი გამოცდილების ფარგლებში შექმნილი პროდუქტის ამსახველი ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
• გადაცემის და ტელეკომპანიის უკანასკნელი 2 კვირის რეიტინგი.
• ბიუჯეტი და მომსახურების შესრულების განრიგი (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს გარეშე. განრიგი უნდა ასახავდეს მომსახურების განხორციელების ძირითად ვადებს)
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2022 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: temuri@civilin.org

სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

შეფასების კომპონენტი შეფასების წონა
საპროექტო წინადადების შესაბამისობა კამპანიის მიზნებთან 25%
ტელე-პროდუქციის კრეატიულობა და ხარისხი 25%
ტელევიზიის/არსებული გადაცემის რეიტინგი 30%
მომსახურების ღირებულება 20%

საკონკურსო სატენდერო კომისია ინტერვიუსთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა:

ტენდერში მონაწილეთათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო zoom შეხვედრა გაიმართება 2022 წლის 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ ელ–ფორმა 19 სექტემბრამდე (https://forms.gle/GZ53HEHYWy6tybDx8), რათა მიიღოთ ონლაინ შეხვედრის ბმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 759 724 (თემურ ჯალიაშვილი)