ვაკანსია – უმცროსი ექსპერტი, ქვეგრანტების მართვა

09.01.2024

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს უმცროსი ექსპერტის ვაკანსიას ქვეგრანტების მართვის მიმართულებით.

• შესავალი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ერთ – ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ცნობილია საქმიანობის ფართო სპექტრით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დაარსდა 1995 წელს და ორგანიზაცია ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციას, სოციალური აქტორების განათლებით და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნით.

1. ზოგადი მიმოხილვა

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარების“ – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს: 1) საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია; 2) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება; 3) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) – განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. აღნიშნულის მისაღწევად, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს საგრანტო კომპონენტს, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების (ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებებით) დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა. ამან, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლეგიტიმურობის ზრდასა და მათ მიმართ საჯარო ნდობის გაძლიერებას.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ტექნიკურ დავალებას ქვეგრანტების კომპონენტის მხარდამჭერ საექსპერტო მომსახურებაზე.

2. დავალების ამოცანა

დავალების ამოცანაა პროექტისთვის გრძელვადიანი პერიოდით უმცროსი ექსპერტის დაქირავება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ქვეგრანტების სწორ ადმინისტრირებაზე, კერძოდ ქვეგრანტების პროგრამული, ფინანსური და ადმინისტრაციული კომპონენტების გამართულობაზე.

3. ძირითადი სამუშაოს არსი

უმცროსმა ექსპერტმა, პროექტის CSI გუნდთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, ხელი უნდა შეუწყოს ზემოაღნიშნული ქვეგრანტების ეფექტურ მართვას.

4. კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები

• საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროცედურების დაგეგმვა და წარმოება, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, განთავსება და აპლიკანტებთან კომუნიკაცია;
• საგრანტო კონკურსის შესარჩევი კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა;
• შერჩეულ ორგანიზაციებზე ქვეგრანტების გაცემის უზრუნველსაყოფად შესაბამისი იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
• ქვეგრანტების მიმღებებთან უშუალო მუშაობა და საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა (მენტორინგი, მონიტორინგი) გრანტის ეფექტიანი განხორციელების მიზნით;
• ქვეგრანტების მიმღებების ანგარიშების ანალიზი წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენა. მიზნობრიობის დარღვევის ან ბიუჯეტის აცდენის შემთხვევაში, CSI ფინანსური და პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება;
• ქვეგრანტების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
• ქვეგრანტების პროექტების განხორციელების დასრულების შემდგომ საბოლოო შეფასებაში მონაწილეობა.
• ქვეგრანტების ახალი ციკლის გამოცხადების შემთხვევაში, იგივე ციკლის გამეორება.

5. მეთოდოლოგია

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების, დონორების (ევროკავშირი და ადენაუერის ფონდი) მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნების და CSI შიდაორგანიზაციული პოლიტიკის მოთხოვნების გათვალისწინება.

6. საბოლოო მომსახურება/პროდუქტები

• ქვეგრანტების კომპონენტის ტექნიკური მხარდაჭერა;
• ქვეგრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბაზის სრულყოფა/განახლება;
• ქვეგრანტების განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიშები.

7. ძირითადი კომპეტენცია, ტექნიკური ცოდნა

• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება;
• ქვეგრანტების ფინანსური და/ან პროგრამული მართვის გამოცდილება;
• მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია ფინანსების და/ან სამართლის მიმართულებით;
• დოკუმენტაციის მომზადების და სისტემატიზაციის გამოცდილება;
• ექსელის და ვორდის პროგრამების ცოდნა.

8. დავალების ხანგრძლივობა

• ქვეგრანტების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება/განახლება – 5 დღე;
• ქვეგრანტების პროექტების მხარდაჭერა – 50 დღე;
დღეების საერთო რაოდენობა – 55 დღე.

9. განცხადების წარდგენის პროცესი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.imnadze@civilin.org

1. CV – ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი (წერილში მითითებული უნდა იყოს თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ დავალების მოთხოვნებს.)
3. ერთი სრული სამუშაო დღის ღირებულება (ე.წ. რეიტი) (წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, ყველა გადასახადის ჩათვლით);

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 21.01.2024

CV, ბიუჯეტი და სამოტივაციო წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ფაილად doc ან pdf ფორმატში. არასრულად ან მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

10. მონაწილეთა განაცხადების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება – 30%;
2. ქვეგრანტების ფინანსური და/ან პროგრამული მართვის გამოცდილება – 30%;
3. შესაბამისი განათლება – 20 %;
4. მომსახურების ღირებულება – 20 %.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 42 50 09 (დავით ტივიშვილი)