სულ ახლახანს გამოქვეყნდა სსო მეტრის 2021 წლის ანგარიში.
შედეგების მიხედვით: საქართველო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს.
სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2021
სსო მეტრი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ფასდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემო – კანონმდებლობა და პრაქტიკა. ანგარიში 11 უფლებრივი სტანდარტით და 7 ქულიანი სისტემით ფასდება (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).
2021 წლის სსო მეტრის თანახმად, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტებისთვის გარემო მაქსიმალური 7 ქულიდან 4. 7 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 5.2 ქულა, პრაქტიკა 4.3 ქულა).
11 უფლებრივი სტანდარტიდან საქართველოში ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. „საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ძირითად გარანტიებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა … თუმცა, ეს გარანტიები ჯერ კიდევ მყიფეა და კონფიდენციალურობის უფლების პატივისცემის სახელმწიფო მოვალეობის პრაქტიკული განხორციელება კიდევ უფრო შემზარავი ჩანს, გაჟონილი დოკუმენტებით, რომლებიც ასახავს სსო-ების და მასთან დაკავშირებული პირების უკანონო თვალთვალს“, აღნიშნულია ანგარიშში.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მაქსიმალური 7 ქულიდან 3.9 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 4.6 ქულა, პრაქტიკა 3.1 ქულა).
საქართველოში ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსა და სსო-ებს შორის თანამშრომლობა, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ურთიერთანამშრომლობა ასევე გაართულა კოვიდ პანდემიამ. შედეგად, ამ სფეროში საქართველომ 4.0 ქულა მიიღო 7 ქულიდან.
ყველაზე მაღალი ქულა 6.1 ქულა საქართველომ გაერთიანების თავისუფლების მიმართულებით დაიმსახურა, რაც ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფუძნებისა და ოპერირების სიმარტივით არის განპირობებული.
სსო-მეტრი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად და განგრძობითად აფასებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.
ანგარიშზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად. 24 მაისს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის – სსო მეტრის პრეზენტაცია.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელმძღვანელობით პარტნიორი ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი; შპს MG ქონსალთინგი აზერბაიჯანი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი -საქართველო; პრომო-ლექს ასოციაცია – მოლდოვა, უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი.