საზოგადოებრივი ორგანიზაციები ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

13.10.2022

10 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმა zoom–ის საშუალებით გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა. მათ შორის პროცესში სსო–ების მონაწილეობა, მათი ხედვებისა და გამოცდილების გაცნობა–გაზიარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სექტორზე ამ პროცესის არასასურველი გავლენა.

ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) ბოლო ანგარიშის (2020, სექტემბერი) მიხედვით 40 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველოს ეხება, ყველაზე დაბალი შეფასება იმ რეკომენდაციამ (მე–8 რეკომენდაცია) მიიღო, რომელიც არაკომერციული სექტორის გავლით ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების პრევენციას ეხება.

სახელმწიფომ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს ახალი ეროვნული ანგარიში, რომელიც რისკების შეფასებას და მისი დაძლევის სამოქმედო გეგმას უნდა მოიცავდეს. შესაბამისად, მე–8 რეკომენდაციის მიმართულებითაც შესაძლო რისკების შეფასების კრიტერიუმები და დაძლევის ღონისძიებებიც უნდა წარადგინოს.

სწორედ ამ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას ეხებოდა 10 ოქტომბერს გამართული ონლაინ შეხვედრა. „რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია ყველასთვის, ისევე როგორც პროცესში სსო–ების მონაწილეობაა აუცილებელი, რადგან ერთ–ერთი რეკომენდაცია გარკვეულწილად საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს ეხება, ამიტომ ფრთხილად და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით უნდა წარიმართოს პროცესი“, აღნიშნა შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა სალამაძემ.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც მუდმივმოქმედი სამდივროს როლს ასრულებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააცნო ხედვები და დაგეგმილი ღონისძიებები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვალერიან ხასაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 40 რეკომენდაციიდან ყველაზე დაბალი შეფასება მე–8 რეკომენდაციამ მიიღო, ამ ეტაპზე სამსახურს მოძიებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება, თუმცა დასძინა, რომ ყოველივე საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ქვეყნის შეფასების მეთოდოლოგიის სარეიტინგო სისტემაზე, და განსაკუთრებით მე–8 რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობის და იურიდიული სამმართველოს უფროსმა მარიამ ბეჟუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მე–8 რეკომენდაციის მიმართულებით ბევრი საკითხი კვლავ ღიაა, მაგალითად არ არსებობს „NPO”–ს (არაკომერციული ორგანიზაცია) დეფინიცია, სარფხეების ანალიზი არასრულყოფილია, არ არსებობს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებების გამოყენების შესაძლებლობის ანალიზი და ასე შემდეგ. მან ასევე დეტალურად წარმოადგინა ის ნაბიჯები და ხედვები, რომელიც ამ უწყებამ მე–8 რეკომენდაციის მოთხოვნების შესაბამისად გადადგა ან მომავალში გეგმავს რომ განახორციელოს.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, სსო–ებმა წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, ასევე სექტორში არსებული გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული გამოცდილების გაზიარების.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე მზად არის, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს შეხვედრასა თუ სამუშაო დისკუსიებში.