ბათუმის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

28.01.2010

2010 წლის 27 იანვარს ქ. ბათუმის მერიაში გაიხსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. მისი მუშაობა ხელს შეუწყობს მერიიდან მომსახურების (დოკუმენტების) მიღების პროცედურების გამარტივებას, მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდას.

მომსახურების ცენტრი დაფუძნებულია ე.წ. „ერთი სარკმლის“ პრინციპზე, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს მომსახურების ცენტრში, ჩააბაროს განცხადება და იქვე მიიღოს პასუხი ჩაბარებულ განცხადებაზე. ცენტრში მუდმივად არიან მერიის თანამშრომლები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ მოსახლეობას მერიის კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ბათუმის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლობით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ამუშავდა.

მომსახურების ცენტრი გახსნეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა სალამაძემ და ქ. ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ. გახსნას ესწრებოდნენ ბათუმის მერიის, დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.