აქტიური მოქალაქეებისთვის

11.01.2022

აქტიური მოქალაქეების პირველმა ნაკადმა, 18-მა ადამიანმა, „სამოქალაქო აქტვიზივიზმის ონლაინ კურსზე“ სწავლა წარმატებით დაასრულა. კურსის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, მედიასაშუალებების, აქტიური ახალგაზრდებისგან შეარჩია.

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის („სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“) ფარგლებში შექმნილი ამ კურსის მიზანია აქტიური მოქალაქეების ცოდნისა და უნარების გაძლიერება, რაც მათ სამოქალაქო კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

სასწავლო პროცესს „Canva-საქართველოს“ ტრენერები, ნინი გოგიბერიძე და გიორგი მელაძე უძღვებოდნენ. ერთთვიანი სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, მისი ფორმატი ითვალისწინებდა როგორც ვიდეო ლექციებსა და საკითხავი მასალის გაცნობას, ისე – ონლაინ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სემინარებს.

„სამოქალაქო აქტვიზივიზმის ონლაინ კურსი“ მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამოქალაქო აქტივიზმის და დაუმორჩილებლობის ცნებებები და მათი როლი დემოკრატიის განვითარებაში; აქტივიზმის კონცეფციის ისტორიული ევოლუცია; აქტივიზმის სტრატეგიები და ტექნიკები; ლიდერობის და კომუნიკაციის მნიშვნელობა. კურსის მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიოსა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული სამოქალაქო კამპანიები და სწავლის დასასრულს შესაბამისი პროექტები მოამზადეს.

ახალი ნაკადის მიღებას „სამოქალაქო აქტვიზივიზმის ონლაინ კურსზე“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CIS) გაზაფხულზე გამოაცხადებს.