მულტიაქტორული შეხვედრა

12.11.2021

2021 წლის 11 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს, ონლაინ ფორმატში გაიმართა მულტიაქტორული შეხვედრა „სოციალური მეწარმეობის საარსებო გარემო საქართველოში – არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“. შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხთან თანამშრომლობით.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო სოციალური მეწარმეობის ხელსაყრელი საარსებო გარემოს ხელშეწყობისთვის, სფეროს აქტორებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბება. ამ საკითხებზე მსჯელობისთვის შეხვედრაზე საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების 50-მდე წარმომადგენელი იყო მიწვეული.

„სოციალური მეწარმეობის თემა ნაკლებად არის პოლიტიკური დისკუსიის დღის წესრიგში. სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა და პოტენციალი ნაკლებად გაცნობიერებულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტორების მიერ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის სფეროს პოტენციურ აქტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება“, – აღნიშნა შეხვედრის გახსნისას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ხელმძღვანელმა, ვაჟა სალამაძემ.

„სოციალური მეწარმეობა მთელს მსოფლიოში სახელმწიფოთა განვითარების ლოგიკის უფრო და უფრო პრიორიტეტული აქტორი ხდება, რამდენადაც ეს სექტორი ხელისუფლებას სთავაზობს ალტერნატიულ, ბიზნეს პასუხებს თანამედროვე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე. ამ სფეროს საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა გულისხმობს სახელმწიფო გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყანაში ყველაზე მძიმე სოციალური გამოწვევების გადაწყვეტაში“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პოლიტიკის ანალიკიტიკოსმა, ეთერ გვრიტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებული გარემოსა და ძირითადი ტენდენციების მიმოხილვა, საქართველოში არსებული ვითარება და საუკეთესო უცხოური გამოცდილება; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მთავარმა იურსიტმა, ლევან ფანიაშვილმა ისაუბრა სოციალური მეწარმეობის გარემოს საკოორდინაციო პლატფორმის ჩამოყალიბების მნიშვნელობის, საკოორდინაციო პლატფორმის კონცეფციისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.

გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს ღონისძიების შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.

პროექტს „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო.