„მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარების“ (მეორე ფაზა) პროექტის ფარგლებში მოამზადა. პროექტს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, CSI ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (BftW) მხარდაჭერით ახორციელებს.
სახელმძღვანელო დამხმარე რესურსია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და მისი პარტნიორების (ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედია საშუალებები, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები და სხვა) იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შემუშავებაში, დანერგვასა და საზოგადოებისინფორმირების პროცესში არიან ჩაბმულნი.
სახელმძღვანელო, ასევე, საინტერესო იქნება მერიების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოების სამუშაო ჯგუფებისთვის, რადგან, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვის, შექმნის, განხორციელებისა და შეფასების კუთხით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების გაძლიერებას ემსახურება.
წიგნის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ პროცესის მიმართ ნდობის გაზრდა და, სხვადასხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული კომუნიკაციის მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა. მასში ასახული ინფორმაციის გამოყენებით, შესაძლებელი გახდება საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი თემის, საზოგადოების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას, მათი ჩართულობის გაძლიერებასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარებას.
გარდა ამისა, სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მერიების წარმომადგენლებს, ეფექტიანად გამოიყენონ საკომუნიკაციო ინსტრუმენტები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის სანდოობის, პოზიტიური იმიჯის შექმნისა და გაძლიერებისათვის. ამასთან, სახელმძღვანელო უნდა დაეხმაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ხმა მიაწვდინონ და უზრუნველყონ ყველაზე მოწყვლადი, ნაკლებად ინფორმირებული მოქალაქეების ჩართულობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მომზადების, დანერგვისა და შეფასების ეტაპებზე.
სახელმძღვანელოს ავტორია მარიკა მხეიძე – კომუნიკაციებისა და ადვოკატირების ექსპერტი, საჯარო ადმინისტირების მაგისტრი. მასთან ერთად, სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) თანამშრომლები: ნათია აფხაზავა, ნინო მღვდელაძე, ნინო სამსონიძე, დაკო მურადაშვილი.