უკვე მესამე წელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. პროექტი, რომელიც ოქსფამი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ინტენსიური სასოფლო–სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შემოღების ხელშეწყობას, სოფლისმეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო სამეურნეო უნარ–ჩვევების განვითარებას.
ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სამეგრელოსა და მთიანი აჭარის რეგიონებში ჩამოყალიბდა ფერმერთა ჯგუფები – მეკარტოფილეთა, მებოსტნეთა და მეფუტკრეთა ჯგუფები ზემო აჭარაში; მესათბურეთა, მესაქონლეთა და მეფუტკრეთა ჯგუფები სამეგრელოში. თითეული ჯგუფის ფერმერებს გადაეცათ შესაბამისი საწყისი საწარმოო კაპიტალი ფერმერული მეურნეობის წარმოებისათვის – თესლის, სასუქების, პესტიციდების, საქონლის, ფუტკრის ოჯახების, სკების და სპეციალური ინვენტარის სახით.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ადრე წარმატებით ფუნქციონირებდა მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე მეურნეობა. აქედან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაყავდათ უნიკალური თვისებების მქონე ქართული რუხი ფუტკარი. მოსახლეობა ამ მეურნეობაში იყო დასაქმებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეურნეობაც დაიშალა და ხალხი უმუშევარი და ეკონომიურად გაჭირვებული აღმოჩნდა.
სოფელ მუხურის საშუალო სკოლამ, მეფუტკრეობის მდიდარი ტრადიციის აღდგენის მიზნით შემოიღო მეფუტკრეობის სწავლება და მოსწავლეების მშობლების დახმარებით 2 წლის წინ ფუტკრის 3 ოჯახი გაიჩინეს და ახლა 8 სკამდე გაზარდეს.
ინიციატივის მხარდასაჭერად და მეფუტკრეობის დარგის აღდგენის და განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მუხურის #1 საჯარო სკოლას საჩუქრად ფუტკრის 3 ოჯახი გადასცა.