სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში

14.02.2013

14 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში” – ფარგლებში. ამ შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოდგენდა საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა და ქველმოქმედების დამაბრკოლებელი საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) – “საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საგადასახადო კოდექსის ანალიზის შედეგები, კანონში არსებული ხარვეზები და გადაჭრის გზები. მომზადებულმა კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია შეხვედრის მონაწილეებში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული შეხვედრის მსვლელობისას. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რამაც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მისცა მათთვის საინტერესო კონკრეტულ პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება, ასევე დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ კვალიფიციური პასუხი სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტებზე. შეხვედრის განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ამ ეტაპისტვის პრიორიტეტად განიხილება საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ, მაგ.: იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, კანონში არსებული ტერმინების დეფინიციების დახვეწა, “გრანტების შესახებ” კანონის განახლება, “მოხალისეობის შესახებ” კანონის ინიცირება და სხვ. საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დააფიქსირეს მზადყოფნა ჩაერთონ სხვავასხვა პრობლემათა გადაჭრის გზების შემუშავებაში.