2007 წლის 11-14 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტ პალასის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინსტიტუციონალური განვითარებისა და მხარდაჭერის პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენდა.
შეხვედრა – “თანამშრომლობა ინტეგრაციისა და განვითარებისათვის” – მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაური დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში დავით სიხარულიძე. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა გვენეტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. სამუშაო შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვას – საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ასპექტების, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შესახებ კანონმდებლობის მიმოხილვას.
გარდა სადისკუსიო შეხვედრებისა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის სპეციფიკას. ისინი ეწვივნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაურის დიმიტრი სანაკოევის აქტიური თანადგომით.