პროექტი „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ არის ევროკავშირის მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტი, რომელიც 2015 წლიდან გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოს სამ ხალხმრავალ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საცხოვრისის სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაძლიერებას სამიზნე ქვეყნებში.
საქართველოში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივით, მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით, შემუშავდა საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი – სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს საცხოვრისის სფეროს სხვადასხვა განზომილებასა და შემდეგ ნაწილებადაა ჩამოყალიბებული:
1. პრობლემური ვითარების გამოვლენა; 2. პოლიტიკური ნების განცხადება; 3. ცნებით-ტერმინოლოგიური აპარატის განვითარება; 4. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება; 5. ინსტიტუციური სტრუქტურის გამართვა; 6. სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზა; 7. საინფორმაციო თანხლება და მონიტორინგი; 8. ურბან-მენეჯმენტი; 9. საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფა; 10. დაგეგმვა-დაპროექტება; 11. სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები.
ნაშრომის თითოეულ ნაწილში გაანალიზებულია საცხოვრისის სხვადასხვა ასპექტი, მიმდინარე ვითარება და რეკომენდაციების სახით მოცემულია სისტემური რეფორმების ხედვა.
რეკომენდაციის დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების: ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით, ექსპერტ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით. დოკუმენტი არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.