სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI) ღია ფორუმის მმართველი ჯგუფის (Global Facilitation Group_GFG) წევრად აირჩიეს.
28-30 სექტემბერს ქ. სტამბოლში გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის პირველი საერთაშორისო ასამბლეა. ასამბლეას ესწრებოდა 192 ორგანიზაციის წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან. საქართველოდან ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ასამბლეამ ერთხმად დაამტკიცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის 8 ძირითადი პრინციპი, რომლებსაც “სტამბოლის პრინციპები” ეწოდა:
- ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის აღიარება და მათ დაცვის ხელშეწყობა;
- გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
- ფოკუსი ადამიანების შესაძლებლობების გაფართოებაზე და დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა;
- მდგრადი გარემოს ხელშეწყობა;
- გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
- თანასწორი პარტნიორობა და სოლიდარულობა;
- ცოდნის აკუმულირება და გაზიარება, ორიენტაცია ერთმანეთისგან სწავლაზე;
- მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევაზე ორიენტაცია.
სტამბოლის პრინციპები შემუშავდა მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ეროვნული კონსულტაციების მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების საფუძველზე. სასიხარულოა, რომ ქართული ორგანიზაციების მიერ ბაკურიანში შემუშავებული პრინციპები სრულ ჰარმონიაშია სტამბოლში დამტკიცებულ 8 პრინციპთან, რაც საქართველოში ჩატარებული კონსულტაციების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კონსულტაციის ანგარიშმა და მასალებმა ასამბლეის ორგანიზატორებისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძო საუბრებში ასამბლეის ბევრმა მონაწილემ მას ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.
ვფიქრობთ, რომ სტამბულის დოკუმენტი სახელმძღვანელო გახდება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ყველა ქვეყანაში.
ასამბლეაზე განახლდა ღია ფორუმის მმართველი ჯგუფის შემადგენლობა (Global Facilitation Group_GFG). ჯგუფი შედგება 29 წევრი ორგანიზაციისაგან, რომლებიც ირჩევა მსოფლიო რეგიონული პრინციპით. ევროპას აღნიშნულ ჯგუფში 4 საზოგადოებრივი ორგანიზაციის არჩევის უფლება ჰქონდა და მით უფრო სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართული ორგანიზაცია-სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI) იქნა არჩეული. ვფიქრობთ, ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ყველა ჩვენთაგანისათვის კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ განვითარების ეფექტურობის გლობალურ პროცესებში და ჩვენი მოსაზრებები და ხედვები გავუზიაროთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს და დონორებს მსოფლიო მასშტაბით.