საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებზე ისაუბრეს 31 მაისს “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში”. ორგანიზაციის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს კანონმდებლობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას:
მოხალესეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა (არ არის განსაზღვრული ტერმინ-მოხალისეობის” დეფინიცია, მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციისა და მესამე პირების უფლება-მოვალეობები და ა.შ), რის გამოც ქვეყანაში მოხალისეობის ინსტიტუტი არ არის განვითარებული და მესამე სექტორიც თითქმის არ იყენებს მოხალისეთა შრომას.
სახელწმიფოს გრანტებთან დაკავშირებული პრობლემები – 2011 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს სამინისტროები უფლებამოსილნი არიან გასცენ გრანტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, თუმცა არ არის ნათელი და მკაფიო თუ რა კრიტერიმით რეგულირდება სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცედურა, როგორ ტარდება საგრანტო კონკურსი, როგორ ხდება გამარჯვებულთა გამოვლენა და ა.შ, სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემის წესები ჩამოყალიბებას საჭიროებს.
კიდევ ერთი გარემოება – მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, თვითმმართველობის ორგანოებს სამინისტროებისგან განსხვავებით არ აქვთ უფლება, გასცენ გრანტი -ეს დაბრკოლებებს უქმნის, როგორც თვითმმართველობებს, ასევე იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობენ” – ნათქვამია პოლიტიკის ნარკვევში, რომელიც “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” შეხვდრაზე წარადგინა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ტერმინ “შემოწირულობის” განმარტებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებზე. თუმცა ტერმინების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ ამოწურულა. კერძოდ, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელობა ტერმინებისა “დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა” და “სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლა” ასევე ბუნდოვანია და ექვემდებარება დისკრეციას.
უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებს შეგიძლიათ გაეცნოთ პოლიტიკის ნარკვევში, რომელიც “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” მოამზადა.