შეხვედრა თემაზე – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქველმოქმედების ხელშეწყობა საქართველოში

26.01.2012

2012 წლის 24 იანვარს თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა” და “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” ორგანიზებით მოეწყო მრგვალი მაგიდა ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და ქველმოქმედების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა” და “არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების ანალიზს, რომლებიც აბრკოლებენ საქველმოქმედო საქმიანობას და ხელს უშლიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსურ მდგრადობას. ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს დოკუმენტში გამოვლენილი საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა გამოვლენილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაზე და ხელი შეუწყონ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფას.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობას და ამ მიზნით, დაგეგმიალია მრავალი ქმედითი ღონისძიების განხორციელება.