სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) მოამზადა კვლევა „სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერა – საერთაშორისო გამოცდილება და სფეროს განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები“.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობის ერთიანი ცნება არ არსებობს და პრაქტიკაში სხვადასხვა მოდელის, სამართლებრივი ფორმისა და სტრუქტურის სოციალური საწარმოები გვხვდება, სხვა ტრადიციული მეწარმეობის ფორმებისგან სოციალური მეწარმეობის ცენტრალური განმასხვავებელი ნიშანი არის მისია – სოციალური პრობლემებისთვის (უმუშევრობა, მოწყვლადი ჯგუფების გარიყვა, სიღარიბე, გარემოსდაცვა და ა.შ) მოიძებნოს გადაწყვეტის სამეწარმეო პრინციპებზე დამყარებული გზები და შეიქმნას ამ გამოწვევათა გადაჭრის ინოვაციური მექანიზმები.
სოციალური მეწარმეობა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, სოციალური კრიზისების პერიოდში გაჩნდა, როგორც კერძო სექტორის მიერ შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციური გზების ძიების შედეგი. საქართველოში სოციალურ მეწარმეობას შედარებით მცირეხნიანი ისტორია აქვს და მის მხარდასაჭერად, პრაქტიკაში დასანერგად აქტიური სამოქალაქო კამპანია 2010 წლიდან იღებს სათავეს.
დროთა განმავლობაში, სოციალური მეწარმეობის იდეის მომხრეთა რიცხვი ყველგან გაიზარდა და მის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციაც თვალსაჩინო გახდა, თუმცა, საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის ამ საშუალებამ ფართო საჯარო მხარდაჭერა და აღიარება ვერ მოიპოვა. ამის ძირითადი მიზეზი სოციალური მეწარმეობის სექტორის საკანონმდებლო და პოლიტიკური აუღიარებლობაა.
წინამდებარე კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი ლანდშაფტის თავალსაზრისით არსებობს. კვლევის მიზანია წარმოდგენა შექმნას იმ შესაძლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას სოციალური მეწარმეობის სექტორის სისტემური გაძლიერებისა და მშენებლობის მიმართულებით. ასევე, დაინტერესებულ პირებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, დაეხმაროს ამ სფეროს განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებაში.
კვლევა განხორციელდა ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.