სსო-ების გარემოს კვლევა

14.02.2022

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევა (საგადასახადო სისტემაში 2017 წლიდან განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით)“ – ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”, ფარგლებში განახორციელა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებების გამოკვლევა, არაკომერციულ სექტორში საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებისა და ცვლილებების რეკომენდაციების შემუშავება.

„არაკომერციული სექტორის არსებობის განმავლობაში დაგროვდა მუშაობის გარკვეული გამოცდილება, რამაც წარმოაჩინა ქართულ საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც სწრაფად სჭირდება გადაწყვეტა. ამასთან, სექტორის განვითარებამ მოიტანა აუცილებლობა რიგი ფუნდამენტური ცვლილებებისა, რომელიც მიმართული იქნება არაკომერციული სექტორის შემდგომი განვითარებისაკენ“, – აღნიშნულია კვლევის შესავალ ნაწილში.

დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, პრობლემური საკითხების გამოსავლენად, გაიმართა შეხვედრები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებთან, დარგის სპეციალისტებთან, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებთან; შესწავლილი და გაანალიზებული იქნა არსებული საკანონმდებლო გარემო; წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით ჩატარდა 25 ორგანიზაციის გამოკითხვა, გაიმართა 7 ჩაღრმავებული ინტერვიუ საგადასახადო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, 2 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შედეგად, კვლევაში, იურიდიული პირების არაკომერციული საქმიანობის თავისებურებების ფონზე, საფუძვლიანადაა მიმოხილული მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის სახეების (მოგების, ქონების, საშემოსავლო გადასახადები, დღგ) ჭრილში ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი და ტიპური პრაქტიკული მაგალითები; გაშუქებულია საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხები, რომელიც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს იძლევა; შემუშავებულია სათანადო რეკომენდაციები, ორგანიზაციებისათვის საგადასახადო გარემოს პრობლემურ საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად და საგადასახადო რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევა“ განკუთვნილია არაკომერციული იურიდიული პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. დოკუმენტი სასარგებლო იქნება, ასევე, ამ საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების, მკვლევრების, შემოსავლების სამსახურის სპეციალისტებისათვის, კარგ სამსახურს გაუწევს ფინანსების დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს, ასევე – საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, გაეცნონ და ღრმად შეისწავლონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის საკითხები.