გამოქვეყნდა სსო მეტრის 2022 წლის ანგარიში. შედეგების მიხედვით, საქართველო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს. საქართველოში არსებულ გარემოს მაქსიმალური 7 ქულიდან – მინიჭებული აქვს 4,8 ქულა (საკანონმდებლო გარემო შეფასებულია – 5,2 ქულით, ხოლო პრაქტიკა – 4,4 ქულით).
ანგარიში მიმოიხილავს და აფასებს 2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მომხდარ მოვლენებს. შესაბამისად, 2022 წლის სსო მეტრი, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორი იყო გარემო „გუშინ“ და შევადაროთ იგი დღეს არსებულ მდგომარეობას.
სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2022
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში არ გამოკვეთილა ისეთი მოვლენები, რომლებმაც, წინა წელთან შედარებით, სსო-ების საარსებო გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა, ანგარიშში ხაზგასმულია საზოგადოებრივი სექტორის მიმართ სიტყვიერი თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებელი და თანმდევი ინიციატივები, რომლებიც, თავის მხრივ, მიანიშნებენ სსო–ების საარსებო გარემოს გაუარესების პოტენციალზე.
ორგანიზაციების სარეგისტრაციო საფასურის გაორმაგებამ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ფუნდამენტურმა ცვლილებებმა, საბანკო ანგარიშის გახსნის ეტაპზე იდენტიფიცირებულმა პრობლემებმა ნეგატიური გავლენა მოახდინეს, და წინა პერიოდთან შედარებით ქულები შემცირდა, შემდეგი მიმართულებით: გაერთიანების თავისუფლება (სამართლებრივ კომპონენტში ქულამ დაიკლო 6.2-დან 6.1-მდე) თანასწორობის უფლება (პრაქტიკის კომპონენტში ქულამ დაიკლო 5.4-დან 5.3-მდე) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება (პრაქტიკის კომპონენტში ქულამ დაიკლო 3.1-დან 3.0-მდე).
ანგარიშზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL), ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.