სსო მეტრის 2021 წლის რეგიონული ანგარიში

25.08.2022

არაკომერციული სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) გამოქვეყნა 2021 წლის სსო მეტრის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ანგარიში. იგი აფასებს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველების და აქტივისტების საარსებო გარემოს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ომმა, მოულოდნელად შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ, პანდემიამ და რთულმა პოლიტიკურმა გარემომ. შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები მოჰყვა მათ საქმიანობას როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. ყოველივეს მიუხედავად, ზოგიერთი მიმართულებით შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილებებიც, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსების პროცესის გაუმჯობესება სომხეთსა და უკრაინაში, ხელისუფლებასა და სსო–ებს შორის თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯები მოლდოვაში, უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების ახალი სტრატეგია.

ანგარიშში გაანალიზებულია და შეფასებულია 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა 11 ძირითადი სფეროს მიხედვით, მაგალითად გაერთიანების თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ანგარიში მოიცავს 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდს და ეფუძნება მაისში გამოქვეყნებულ თითოეული ქვეყნის 2021 წლის ანგარიშს.

წინა ანგარიშებისგან განსხვავებით სიხალეებია 2021 წლის ანგარიშში – 10 უფლებრივ სტანდარტს დაემატა კიდევ ერთი – ციფრული უფლებების შეფასება და შეიქმნა შეფასების სისტემა. 11 უფლებრივი სტანდარტი შეფასდა 7 ქულიანი სისტემით (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).

2021 წლის სსო მეტრის შედეგები: სამოქალაქო საზოგადოების გარემო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ყველაზე მაღალი ქულებით შეფასდა სსო–ების საარსებო გარემო (კანონმდებლობა და პრაქტიკა) უკრაინაში, რაც განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:

  • გაერთიანების თავისუფლების არსებული, ხელსაყრელი პირობები;
  • ბიზნესსა და სსო-ებს შორის თანასწორობის უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში;
  • მონაწილეობის უფლების ხარისხი, რაც სსო-ებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სსო–ებსა და ხელისუფლებას შორის კარგად განვითარებული თანამშრომლობის სისტემა.

ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა გარემო ბელორუსში, სადაც ბევრი მიმართულებით შეიზღუდა თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოებამ მძიმე დარტყმა მიიღო – დევნა, სანქციები, სსო–ების იძულებით ლიკვიდაცია და ა.შ.

ძირითადი ტენდენციები

სსო მეტრის მიხედვით გამოვლინდა 5 ძირითადი ტენდენცია:

  • საგანგებო რეჟიმმა (კოვიდ-19 და კონფლიქტი) შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლებები, რამაც ხანგრძლივი ზემოქმედება მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოზე.
  • გაციფრულების პროცესი უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე შესაბამისი დაცვის მექანიზმები და ციფრული უფლებები.
  • სსო-ები მიმართ კვლავ არის თავდასხმა, სფეროს სტიგმატიზაცია და ხშირად არიან თვალთვალის ობიექტები.
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარკვეული შეზღუდვები და მათი მოპოვების რთული მოთხოვნები.
  • AML/CTF ღონისძიებები კვლავაც უქმნის გარკვეულ სირთულეებს სსო-ებს.

ძირითადი პრიორიტეტები

ანგარიშში მითითებულია ის სფეროები, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას ევროკავშირის მხარდაჭერით. იგულისხმება როგორც საკანონმდებლო გარემო, ასევე პრაქტიკა.

  •  გაერთიანების თავისუფლება და დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა. განსაკუთრებით ბელორუსსა და აზერბაიჯანში – სსო–ების რეგისტრაციისა და საქმიანობის თავისუფლება ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ასევე უცხოურ და სხვა დაფინანსების მექანიზმებზე შეზღუდვების მოხსნა.
  • უნდა განვითარდეს სახელმწიფო მხარდაჭერა, როგორც სსო-ების მდგრადობის მნიშვნელოვანი წყარო.
  • სახელმწიფომ უნდა დაიცვას სსო–ების გაუმართლებელი თავდასხმებისა და მათ საქმიანობაში ჩარევისგან, რათა მათ შეძლონ საქმიანობა და სამოქალაქო თავისუფლების განხორციელება. საჭიროა სსო-ებსა და აქტივისტებზე თავდასხმების შემთხვევათა სათანადო და ეფექტური გამოძიება.
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სსო-ების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში. სსო–ებსა და ხელისუფლებას შორის მრავალმხრივი ურთიერთობა, სსო–ების სამუშაო გარემოს განვითარების ერთ–ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია.

2021 სსო მეტრი –რეგიონული ანგარიში
2021 სსო მეტრი – საქართველოს ანგარიში

სსო მეტრის 2021 წლის რეგიონალური ანგარიში მომზადდა, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მიერევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით . საქართველოს ანგარიშზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად.