2008 წლის 27-29 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო “თანამგზავრში”, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის მთავრობის წევრებისა და თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისათვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა საბიუჯეტო სისტემისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხებზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თეორიული ცოდნის ამაღლებასა და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვებას ბიუჯეტის მომზადების, შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის საკითხებში.
ტრენინგი ადმინისტრაციის 17-მა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის: ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინტეგრაციის, იუსტიციის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების წარმომადგენლებმა (მინისტრებმა და მოადგილეებმა), ასევე, ერედვის, ქურთისა და თიღვის გამგებლებმა.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული მასალა საბიუჯეტო სისტემისა და ფინანსური მენეჯმენტის შემდეგ საკითებზე: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, საბიუჯეტო პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, საბიუჯეტო პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისათვის, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობები, სატრანსფერო პოლიტიკა, საბიუჯეტო თანხების მოძრაობა და შემოსავლების განაწილება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არსი და ფუნქციები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო შემოსავლები და ბიუჯეტის ხარჯვის პრინციპები.
ტრენინგზე მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტი დავით ნარმანია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს უფროსი გიორგი ტაბატაძე.
ტრენინგი ორგანიზებული იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ, ეუთოს მისიის პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით.