ცვლილება საგადასახადო კოდექსში

15.07.2012

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ლობირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა.
CSI მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტაზე – 2012 წლის გაზაფხულზე, ინსტიტუტმა აქტიური მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექში არსებული იმ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რომლებიც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდა რამდენიმე კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტები მიზნად ისახავდა სამოქალქო საზოგადოების ინსტიტუტისა და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის მიერ ერთობლივად გამოვლენილი საგადასახადო პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებას.

კანოპროექტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული ღონისძიებებისას (კონფერენციები, სემინარები და ა.შ.) ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული მცირე ღირებულების ქონების (წიგნები, სასემინარო მასალები და ა.შ.) დაბეგვრისა და მათი ღირებულების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან დაკავშირებული პრობლემა.

სწორედ ამ უკანასკნელი საკითხისადმი მიძღვნილი კანონპროექტის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შემოგვთავაზა პრობლემის მოგვარების კომპრომისული ვარიანტი. ეს შემოთავაზება ჩამოყალიბდა კანონპროექტის სახით და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.

2012 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი და ცვლილება შეიტანა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, საგადასახადო აგენტი (მათ შორის არასამეწარმეო იურიდიული პირი) ვალდებულია, დააკავოს საშემოსავლო გადასახადი იმ შემთხვევაში, როდესაც იგი უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს აღემატება;

ცვლილებებამდე, საგადასახადო აგენტი (მათ შორის, არასამეწარმეო იურიდიული პირი) ვალდებული იყო დაეკევებინა საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას, მიუხედავად იმისა, აღემატებოდა თუ არა გადაცემული ქონების ღირებულება 1000 ლარს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, არასამეწარმეო იურიდიული პირების წინაშე არსებული საგადასახადო დაბრკოლების აღმოფხვრის მიზნით.