უფროსკლასელთა კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

20.08.2020

14 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 16-ე შეხვედრით, რეგიონებში, უფროსკლასელთა კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ახალგაზრდებთან შეხვედრები დაასრულა. თბილისის (ასევე, სოფ. გლოლას) გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება კი სექტემბერში გაიმართება. კონკურსის ბოლო ეტაპია სუპერ ფინალი, რომელშიც თითოეული რეგიონის და მათ შორის, თბილისის ერთი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სუპერ ფინალი 2-3 დღით შეკრებას, საინტერესო შეხვედრებს, ვიქტორინებს გულისხმობს და ეპიდემიური სიტუაციის შესაბამისად დაიგეგმება.

კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა და მასში 150-მდე გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ კურატორ-მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ ნოუთ-ბუქები, პირბადეები, რუკები, რვეულები, ალმანახი „თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია ქართულ აზროვნებაში“…

ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრები გამართეს საზოგადოებისთვის ცნობილმა მწერლებმა, გამომცემლებმა, ჟურნალისტებმა და განათლების ექსპერტებმა. მათ ისაუბრეს სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, აქტივიზმის და განათლების შესახებ.

საერთო ჯამში, რეგიონულ შეხვედრებს 600-მდე ადამიანი დაესწრო.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.