ბათუმსა და ხელვაჩაურში ელექტრონული პეტიციები დარეგისტრირდა

“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” (CSI) ბათუმის ფილიალის მხარდაჭერით, ივნისში, საინიციატივო ჯგუფებმა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ონლაინ პეტიციები დაარეგისტრირეს.

ბათუმში რეგისტრირებული პეტიცია ,,მწვანე უბნები ბათუმს“ ქალაქ ბათუმში მწვანე, რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას და დაცვას ითვალისწინებს. პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე უბანში არსებობდეს ყველასთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.

სამოქალაქო მონიტორინგის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის 14-ვე უბანში გამოავლინეს გამწვანებული ტერიტორიები, რომელიც სკვერის, პარკის, თუ ხეივნის სტანდარტებს შეესაბამებოდა, თუმცა შესაბამისი სტატუსი არ ჰქონდა და კეთილმოწყობასაც საჭიროებდა. ასეთი, სულ, 106 ტერიტორია გამოვლინდა.

პეტიციის ინიციატორები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან: ნინო ლომაია, აზა გაბუნია, ლევან ხუჯაძე ქრისტინე გურგენიძე, დარიკო შაინიძე, გიორგი ბოლქვაძე, დავით ხილაძე, თათია ქათამაძე, ნინო ჩხაიძე.

ხელვაჩაურში რეგისტრირებული პეტიცია – „გარე განათება მაჭახელას სოფლებს“ ხელვაჩაურის მაღალმთიანი სოფლების შიდა გზების გარე განათებით უზრუნველყოფას ეხება. მაჭახლის ხეობა ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი ტერიტორია და მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია.

ხელვაჩაურის პეტიციის ავტორები არიან მაჭახელას ხეობის მკვიდრი ახალგაზრდები: მარიამ კახიძე, ნინიკო კოსოლიძე და ნიკა კოსოლიძე.

პეტიციების ინიციატორებთან ერთად, რომელთა ირგვლივ არაერთი ადგილობრივი მოქალაქეა გაერთიანებული, ამ ინიციატივების მხარდასაჭერად, აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) და „ღია საზოგადოების ფონდთან“ თანამშრომლობით, მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივიზმს და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესში.