პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია

2021 წლის 5 მარტს გაიმართა პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“, მეორე ფაზის პრეზენტაცია.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლებმა ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში (გორი, ბათუმი, ხელვაჩაური, ჩოხატაური, ოზურგეთი) მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეაჯამეს პროექტის პირველი ფაზის მიღწევები და წარადგინეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებლი ძირითადი აქტივობები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესების, მონაწილეობისა და სამოქალქო აქტივიზმის ხელშეწყობის მიმართულებით იგეგმება. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე, იმსჯელეს თანმხვედრი მიმართულებებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებაც.

პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“, მეორე ფაზა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

პროექტს – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“, ახორციელებს სამოქალაქო საზოგადეობის ინსტიტუტი (CSI), ორგანიზაციიის – „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით.