ფორუმი „სამოქალაქო მონაწილეობა“

26.06.2019

ამა წლის 27 ივნისს 10:00 – 17:45 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში, გაიმართება სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -„საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“.

ფორუმის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების და ტენდენციების გაცნობა, ასევე დიალოგის და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას. სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის უკეთ გააცნობიეროს მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში, და ასევე თავად წარუდგინოს აუდიტორიას მონაწილეობითი პროცესის წარმატებული მაგალითები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკულ გააზრებას.

ფორუმზე განიხილება: საქართველოში არსებული სამოქალაქო მონაწილეობის პრაქტიკა, აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ და რა ხარისხით არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა წარმატებული მაგალითები არსებობს ამ კუთხით და რა არის ის გამოწვევები, რომელიც მონაწილეობით პროცესებს თან ახლავს. სამოქალაქო მონაწილეობის სფეროს ექსპერტები ისაუბრებენ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე, წარმოადგენენ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს უწყობს პოლიტიკის, სტრატეგიების შემუშავებას, მონაწილეობით ბიუჯეტირებას, საჯარო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას ან საჯარო სივრცის მოწყობას.

ფორუმის მეორე ნახევარი დაეთმობა პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“, დახურვის ცერემონიას. პროექტის შედეგების შეჯამებასთან ერთად მოხდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ სწავლების პროგრამის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებაც. ისინი კიდევ ერთხელ ისაუბრებენ იმ გამოცდილებაზე, რომელიც პროექტის ფარგლებში მიიღეს, მათ შორის მცირე გრანტებისა და სტაჟირების შესაძლებლობებზე.