24 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, მართავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის – სსო მეტრის პრეზენტაციას.
სსო მეტრი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ფასდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემო – კანონმდებლობა და პრაქტიკა. ანგარიში 11 უფლებრივი სტანდარტით და 7 ქულიანი სისტემით ფასდება (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).
2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების გარემო 4.7 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 5.2 ქულა, პრაქტიკა 4.3 ქულა). რაც, შედეგების მიხედვით, საშუალო რისკის გარემოზე მიუთითებს.
სსო-მეტრი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად და განგრძობითად აფასებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.
პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებრივი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელმძღვანელობით პარტნიორი ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი; შპს MG ქონსალთინგი აზერბაიჯანი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – საქართველო; პრომო-ლექს ასოციაცია – მოლდოვა, უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი.