სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს: სოციალურ ქსელებში სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ წარმართვაზე (არსებული კამპანიის გაგრძელება).
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში.
კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სოციალურ ქსელებში მეოთხე წელია მიმდინარეობს. იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის, მათი საქმიანობის, სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენის საკომუნიკაციო სტრატეგიას.
მომსახურების დეტალები
მომსახურების ფარგლებში შერჩეულმა პირმა, კომპანიამ უნდა:
- შეიმუშავოს – სოციალურ ქსელებში კამპანიის – „ეს ქვეყანა შენიას“ კრეატიული კონცეფცია საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით.
- შეიმუშავოს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სარეკლამო ციფრული კამპანიის გეგმა (პოსტების სავარაუდო რუბრიკები, აუდიო, ვიდეო, ანიმაციური, ინფორმაციული ილუსტრირებული მასალის რაოდენობა და მათი გამოყენება/განთავსების ყოველთვიური გეგმა);
- სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნას მასალა (კონტენტი) და უზრუნველყოს სოციალურ ქსელში შესაბამისი რეკლამირება;
- წარმოადგინოს სხვადასხვა სოციალური პლატფორმის შედეგების ყოველთვიური, ხოლო კონტრაქტის დასასრულს მთელი პერიოდის შემაჯამებელი ანალიზი.
დავალების ხანგრძლივობა
მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
- პროდუქტი – „ეს ქვეყანა შენიას“ სოციალური კამპანიის შექმნა და წარმოება (გაგრძელება);
- ვადა – ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან მომდევნო 1 წელი (12 თვე).
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა – ციფრული მარკეტინგის კომპანიებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ:
- კრეატიული კონცეფციის მონახაზი და კამპანიის ხედვა (სადაც წარმოჩენილი იქნება კამპანიის ფარგლებში დასაფარი შესაძლო თემატიკა და რუბრიკები, კამპანიისთვის მულტიმედიური ინსტრუმენტების ჩამონათვალი, სამიზნე აუდიტორიის მონახაზი);
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ მათ მიერ მომზადებული ერთი საინფორმაციო მასალისა და ვიზუალის ნიმუში;
კომპანიის/საინიციატივო ჯგუფის პორტფოლიო და გამოცდილება; - შესასრულებელი სამუშაოს ჯამური და ჩაშლილი ბიუჯეტი (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, დღგ-ს გარეშე);
- სოც-ქსელებში რეკლამის განფასება, კამპანიის შესაძლო შედეგები და ხარჯეფექტურობა.
- კამპანიის წარმართვაში მონაწილეთა რეზიუმე და ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ.
იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
- საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: l_shalvashvili@civilin.org
სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- გამოცდილება: შეფასების წონა – 20%
- კრეატიული კონცეფცია და ხედვა; შეფასების წონა – 30%;
- ერთი საინფორმაციო ნიმუში (პოსტის ტექსტი და ვიზუალი): შეფასების წონა – 30%;
- მომსახურების ღირებულება: შეფასების წონა – 20%.
საკონკურსო სატენდერო კომისია, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ინტერვიუს ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მონაწილეთათვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა
ტენდერში მონაწილეთათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო zoom შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 20 სექტემბერი, 16:00 საათზე, მსურველებმა უნდა შეავსოთ ელ–ფორმა, რათა მიიღოთ ონლაინ შეხვედრის ბმული.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 577 456
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) შესახებ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით.
ინსტიტუტის ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ -ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2021) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.