სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსზე “ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”.
თუ ხარ აქტიური მოქალაქე, სამოქალაქო აქტივისტი, ან ჟურნალისტი და გინდა გაიუმჯობესო ცოდნა და უნარები სამოქალაქო ჟურნალისტიკის მიმართულებით, მაშინ ეს კურსი აუცილებლად დაგაინტერესებს.
დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობა, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაბამისი უნარები გაარჩიონ დეზინფორმაცია ნამდვილი ინფორმაციისგან, იცოდნენ როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და პლატფორმები საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებისთვის. ხშირად მოქალაქეები წინ უსწრებენ ტრადიციულ მედიას და თავად არიან მნიშვნელოვანი ახალი ამბების გამავრცელებლები, რაც ნიშნავს რომ თითოეული მოქალაქე არა მხოლოდ პასიური მიმღებია ინფორმაციის, არამედ ხშირად მედიის როლს ასრულებს და თავად ქმნის ახალ ამბებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მიმდინარე მოვლენების გავრცელებისათვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვენები და თავად არ გახდნენ დეზინფორმაციის, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მასალის გამავრცელებლები.
კურსი განკუთვნილია:
- ჟურნალისტებისთვის;
- მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის;
- სამოქალაქო აქტივისტებისთვის;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის;
- სტუდენტებისთვის;
- აქტიური მოქალაქეებისთვის.
რას ისწავლი კურსზე?
კურსის საშუალებით ისწავლი აქტივიზმის როლს, სად უნდა ეძებო და როგორ შექმნა ახალი ამბავი. ისწავლი პლატოფრმებს, სადაც შეგეძლება გადაამოწმო ინფორმაცია, რათა არ გახდე დეზინფორმაციის მსხვერპლი. ასევე ისწავლი ფოტო ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს და რა როლი აქვს მედიას სტერეოტიპების და სტიგმის დაძლევის/გაღვივების მიმართულებით.
კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, ხოლო კურსზე სწავლა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო კურსი არის მთლიანად დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები და დავალებები, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია დროის განაწილება.
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
ონლაინ სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსი მოიცავს 8 ლექციას. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. მონაწილეებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწვდის დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ. კურსზე სწავლა დაიწყება სექტემბერში.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/xvVmd6UCdyuup5vj9
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აგვისტო 2024 წელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კურსი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1.საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2021) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.