ეროვნული პლატფორმის წევრი სსო–ების ერთობლივი განცხადება

20.02.2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადება სრულად: „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოვხატავთ პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო.

მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრინმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. ასევე ის სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ქვეყანაში ფინანსური რესურსების შემოდინებას და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, არღვევს თანაბარი კონკურენციის პრინციპებს. შეუძლებელს გახდის ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის მე-10 «სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე» და მე-7 «განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად» პუნქტების შესრულებას. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა, არამც თუ მისი მიღება, დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისი შინაარსით მიმართულია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ“.