23 ივლისს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გაიმართა გურიის ტურისტული ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილ აპლიკაციის პრეზენტაცია. სამივე მუნიციპალიტეტში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. დამთვალიერებლებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითათ ცხენებით, ეხილათ ბაზიერები, საჩუქრად მიეღოთ ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და რა თქმა უნდა, მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი გურული სიმღერებისთვის…
ფესტივალი გაიმართა პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის” – ფარგლებში. 3 წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გურიაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ოზურგეთში მყოფი ტურისტები, ევროკავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ევროკავშირის წარმომადგენლის დომინიკა სკუბიდას თქმით, ევროკავშირი ეხმარება გურიის ოთხ მუნიციპალიტეტს (ოზურგეთის, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ოზურგეთის მერია) და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) მონაწილეობის პრინციპით შექმნან გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია ხალხის ჩართულობით, რათა გურიის მოსახლეობამ მიიღოს მეტი სარგებელი იმ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც აქვთ.